geo eng

 

მოგესალმებით ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს სახელით!

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მისიაა საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული განათლების სისტემის დანერგვა.  ჩვენ ვახორციელებთ პროექტებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC-ის) მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტის (კომპაქტის) მეშვეობით. 

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია არის ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებელი და ინოვაციური მიდგომების მქონე სააგენტო, რომელიც პროექტების დაფინანსებითა და განხორციელებით პარტნიორ ქვეყნებს ეხმარება უმუშევრობის და სიღარიბის დაძლევაში და ეკონომიკური ზრდის მიღწევაში.

საერთაშორისო ხელშეკრულება - ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი - საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის 2013 წელს გაფორმდა და მისი რატიფიცირება მოახდინა საქართველოს პარლამენტმა. კომპაქტი, რომლის მოცულობაც 140 მილიონი აშშ დოლარია, 2014 წლის ივლისიდან მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ხორციელდება.

კომპაქტი არის საქართველოს განათლების სექტორში განხორციელებული ყველაზე დიდი ინვესტიცია, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდასა და სიღარიბის შემცირებას ჩვენს ქვეყანაში. 

ადამიანური კაპიტალი წარმოადგენს ქვეყნების ეკონომიკის განვითარების ხელისშემწყობ წინაპირობას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია აღნიშნული კუთხით. თუმცა, თანამედროვე კვლევები გვიჩვენებს, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის ხელშემშლელ ფაქტორს კვლავ პროფესიონალი კადრების დეფიციტი წარმოადგენს. განსაკუთრებით კი ეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) სფეროებში კადრების დეფიციტს ეხება. 

აღნიშნული გამოწვევის გადასალახად ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ახორციელებს პროგრამებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით, სადაც აქცენტი კეთდება STEM სფეროში განათლების ხარისხისა და  ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე.

ჩვენ მიერ განხორციელებული გაუმჯობესებული სასწავლო გარემოსთვის საჭირო ინფრასტრუქტურული აქტივობები მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებსა და სოფლებში საჯარო სკოლების რეაბილიტაციასა და სკოლების მოვლა-პატრონობის სისტემის შექმნას. STEM-ის საგნების მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას და სკოლის მმართველების შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება კომპაქტის ზოგადი განათლების პროექტი.

კომპაქტით გათვალისწინებული აქტივობების მეშვეობით საქართველო მიიღებს მონაწილეობას ისეთ საერთაშორისო შეფასებებში, როგორიცაა TALIS, TIMMS და PISA, რათა შესაძლებელი გახდეს განათლების სექტორში გატარებული რეფორმების შედეგის გაზომვა. ზოგადი განათლების პროგრამის მიზანს წარმოადგენს მოსწავლეთა გაუმჯობესებული სასწავლო შედეგის მიღება, რათა შეძლონ უკეთ მოემზადონ მომავალი გამოწვევების მისაღებას.

ინდუსტრიისა და კერძო სექტორის მოთხოვნების შესაბამისი სამუშაო ძალის განვითარებისთვის, ჩვენ ვახორციელებთ პროფესიული განათლების გაუმჯობესების პროექტს. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, მოხდება კონკურენტუნარიანი საგრანტო პროგრამების შეთავაზება,  სფეროს გაუმჯობესებისთვის საჭირო პოლიტიკის შემუშავება და პროფესიული განათლების პროვაიდერების შესაძლებლობების გაძლიერება.  პროფესიული განათლების პროექტის ამოცანაა,  საქართველოში მივიღოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული, საერთაშორისო სტანდარტის და ხარისხის პროფესიული განათლება STEM დარგებში. 

უმაღლესი განათლების პროგრამა მიზნად ისახავს საერთაშორისო სტანდარტების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას STEM-ის სფეროში და ახალი, პროფესიონალი და საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიანი ინჟინრებისა და ტექნოლოგების კურსდამთავრებულების მომზადებას.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო გენდერულ უთანასწორობას ეკონომიკის ზრდის და სიღარიბის აღმოფხვრის ერთ-ერთ დამაბრკოლებელ ფაქტორად მიიჩნევს. სწორედ ამიტომ, სოციალური და გენდერული საკითხები შესულია კომპაქტის ფარგლებში დაგეგმილი პროგრამების განხორციელების ყველა ეტაპზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს კომპაქტით გათვალისწინებულ სარგებელზე თანასწორი წვდომა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიღებული აქვს საერთაშორისოდ აღიარებული გარემოსა და სოციალური მდგრადობის პრინციპები, რომლებიც გათვალისწინებულია კომპაქტის ყველა აქტივობაში.  ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკის მდგრადი განვითარება და ჯანმრთელი გარემო ურთიერთდამოკიდებული ცნებებია.

აღნიშნული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით შეგიძლიათ.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს გუნდის სახელით, ჩვენ ვამაყობთ საქართველოს ეკონომიკის ზრდისა და გავნითარების პროცესში წვლილის შეტანის შესაძლებლობით და მადლობას ვუხდით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და ხალხს საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის.

პატივისცემით,

მაგდა მაღრაძე

აღმასრულებელი დირექტორი