geo eng

დიმიტრი ქემოკლიძე

შესყიდვების დირექტორი

დიმიტრი ქემოკლიძე  ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოში (MCA-Georgia), შესყიდვების დირექტორის პოზიციაზე, მუშაობს 2012 წლის აგვისტოდან. დიმიტრი ასრულებს შესყიდვების აგენტის მოვალეობასაც, ორგანიზებას უწევს და მართავს MCA-Georgia-ს პროგრამების განხორციელებისათვის საჭირო შესყიდვების პროცესებს. მას აქვს 20 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება პროექტების მართვაში, საერთაშორისო ვაჭრობასა და შესყიდვების მართვასთან დაკავშრებულ საკითხებში.

MCA-Georgia-ში მუშაობის დაწყებამდე დიმიტრი მუშაობდა  ინვესტიციების უფროსი ოფიცრის პოზიციაზე სს „საპარტნიორო ფონდში“, სადაც მისი მოვალეობა იყო საინვესტიციო პორტფელის მართვა. 2010-2012 წლებში იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული GEPLAC-ის (ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული ცენტრი) პროექტის დირექტორი. სხვადასხვა დროს სს „საქართველოს რკინიგზაში“ დაკავებული ჰქონდა რესტრუქტურიზაციის და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის და სტრატეგიული პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციები, სადაც მიიღო მნიშვნელოვანი გამოცდილება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (IFI’s) შესყიდვების პროცედურებში და მართვაში. ის ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სარკინიგზო პროექტს და იყო მთავარი მომლაპარაკებელი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების  (European Bank for Reconstruction and Development “EBRD”) და  ევროპის საინვესტიციო ბანკებთან (European Investment Bank „EIB”).

2006-2008 წლებში დიმიტრი ქემოკლიძე იყო სს საქართველოს ბანკის აუდიტის კომიტეტის წევრი და უწევდა ზედამხედველობას ბანკის შიდა აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობას.  ხოლო 2003-2004 წლებში იგი ზედამხედველობდა გაერთიანებული ენერგოდისტრიბუციის კომპანიის მენეჯმენტის საქმიანობას როგორც სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.  დიმიტრიმ წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის ფაკულტეტი. გაიარა სტაჟირება შვეიცარიაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სათაო ოფისში (WTO) და აშშ-ში. 2000 წელს კი იყო ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის, საჯარო პოლიტიკის სკოლის მოწვეული მკვლევარი. დიმიტრი აგრეთვე სწავლობდა ბრედფორდის უნივერსიტეტში, პროექტების განვითარებისა და დაგეგმვის ცენტრში.

მისი მშობლიური ენაა ქართული, ის ასევე თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.