geo eng

ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მეცნიერების, ტექნოლოგიის, საინჟინრო საქმისა და მათემატიკის პროგრამების სოციალური და გენდერული ასპექტები

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ საქართველო შერჩეულ იქნა მეორე საგრანტო დაფინანსების მიმღებ ქვეყნად. მზარდი ეკონომიკური კონკურენციის პირობებში ქვეყნის განვითარებისა და სიღარიბის აღმოფხვრის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად მიჩნეულია ადამიანური კაპიტალის გაძლიერება.

კომპაქტის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოციალურ და გენდერულ ასპექტებს, რათა ქვეყნის საკანონმდებლო ჩარჩოზე დაყრდნობით უზრუნველყოფილ იქნას თანაბარი წვდომა ინვესტიციებით მიღებულ სარგებელზე და როგორც სოციალური, ისე გენდერული თანასწორობა ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური უფლებებით სარგებლობისას.

სოციალური და გენდერული ასპექტები მჭიდროდ არის ინტეგრირებული პროგრამის ყველა მიმართულებაში რათა: ა) მიღწეულ იქნას კომპაქტის სასურველი ეკონომიკური მდგრადობა; ბ) შემცირდეს რისკი და გ) გაზიარებულ იქნას ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის კორპორატიული პრიორიტეტები.

სოციალური და გენდერული ასპექტების ინტეგრირება ზოგადი განათლების სფეროში

საქართველოში ზოგადი განათლების ძირითად გამოწვევას ხარისხი წარმოადგენს. არათანაბრად ხელმისაწვდომი განათლება უმეტესწილად გვხვდება უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიებზე. გენდერული სხვაობები ძალზე უმნიშვნელოა, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ზოგადი განათლების ეტაპზე, გოგონების აკადემიური მოსწრება სადღაც აღემატება კიდეც ვაჟებისას.

მიმართულბა 1: სასწავლო გარემოს გაუმჯებესებული ინფრასტრუქტურა: რეგიონებში რეაბილიტაციის მიზნით სკოლების შერჩევის სოციალური კრიტერიუმები ითვალისწინებს, თუმცა არ შემოიფარგლება, შემდეგს: (ა) სკოლაში სოციალურად დაუცველი სტუდენტების წილს; (ბ) სკოლების ადგილმდებარეობას სოფლებში და მთიან რეგიონებში და (გ) სკოლებში სწავლების ენას. საქართველოს სკოლების საერთო სურათთან შედარებით,  რეაბილიტაციის კანდიდატ  სკოლებს უნდა გააჩნდეთ სოციალურად დაუცველი სტუდენტების შედარებით მაღალი მაჩვენებელი, ენობრივი უმცირესობების შედარებით მეტი წარმომადგენელი და მეტი რაოდენობის სკოლა განთავსებული უნდა იყოს სოფლად და მთიან რეგიონებში.

მიმართულება 2: მასწავლებლების პროფესიული განვითარება: ეს მიმართულება  მიზნად ისახავს სწავლებისა და სწავლის პროცესების ხელშეწყობას რეგიონებისა და სოფლის სკოლებში, კერძოდ: (ა) სკოლების უზრუნველყოფა სამეცნიერო ლაბორატორიებით, (ბ) ტექნიკური და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა ტრენინგებისა და ზედამხედველობის (მენტორინგის) გზით, და (გ) ელექტრონული სწავლების (ელ–სწავლების) პროცესის განვითარების ხელშეწყობა, რომელიც სოფლის სკოლებში მომუშავე მასწავლებლებს მისცემდა პროფესიული უნარების (დარგობრივი და პედაგოგიური) განვითარების შესაძლებლობას დისტანციური განათლების გზით. ეს თავის მხრივ გააუმჯობესებს მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებას და გაზრდის უმაღლესში მისაღები გამოცდების ჩაბარების უნარებს.

მიმართულება 3: განათლების შეფასების ხელშეწყობა: მაღალი ხარისხის ეროვნული და საერთაშორისო შეფასება სოციალური და გენდერული კუთხით იძლევა ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორიცაა: აკადემიურ მიღწევებში არსებული განსხვავებები გენდერული და სოციალური ნიშნით, ურბანულ და რეგიონულ მოსწავლე ახალგაზრდობას შორის. შეფასების ეროვნული ცენტრის დახმარებით შესაძლებელი გახდება მონაცემების ანალიზი გენდერული და სოციალური ნიშნით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უზრუნველყოფა პოლიტიკის შემუშავებისთის საჭირო მონაცემებით.

სოციალური და გენდერული ასპექტების ინტეგრირება პროფესიული სწავლების ტექნიკურ პროგრამებში

ტექნიკურ სამეწარმეო სექტორში დასაქმების სულ უფრო მზარდი პერსპექტივის გათვალისინებით, გენდერული და სოციალური თანასწორობის ამოცანების ინტეგრირება წარმოადგენს პროგრამის წარმატებით განხორციელების საწინდარს. გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით არსებული მნიშვნელოვანი განსხვავებები ტექნიკური სპეციალობების ათვისებისას, დასაქმებისას და სამუშაოს ანაზღაურებისას, აგრეთვე. მიუთითებს  ტექნიკურ სპეციალობებში კარიერული დაგეგმვის / პროფ-ორიენტაციის პროგრამების აუცილებლობაზე.

გენდერული და სოციალური ასპექტების ინტეგრირება პროფესიული განათლების პროგრამებში მოხდება ორი გზით: (ა) საკონკურსო გრანტების პროგრამით - რომელიც  შესაძლებელს გახდის სასწავლებლებმა, ორივე დონეზე 1-3 და 4-5, მიიღონ ტექნიკური დახმარება და მაღალპრიორიტეტული ტექნიკური პროგრამების გაუმჯობესება-გაფართოებისათის საჭირო რესურსები; და (ბ) პროფესიული სწავლების პროგრამებში „საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილებების“ გამოვლენის გზით. საგრანტო პროგრამების მეთოდოლოგიის მოთხოვნის თანახმად, დაწესებულებებმა უნდა შეიმუშაონ ქალებისა და სოციალურად დაუცველი ფენების მონაწილეობის გაზრდის სტრატეგია როგორც სასწავლო პროგრამებში, ისე დასაქმებაში. აღნიშნულ საქმიანობას საფუძვლად დაედება ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგები, რომლებიც გამოავლენენ იმ ბარიერებსა და სირთულეებს, რომელთაც აწყდებიან ქალები, გოგონები, სოციალურად დაუცველი ფენები ტექნიკური განათლების მიღებისას.

სოციალური და გენდერული ასპექტების ინტეგრირება უმაღლესი განათლების საბაკალავრო პროგრამებში

უმაღლესი განათლების კუთხით არსებული ძირითადი გამოწვევები ითვალისწინებს: (ა) ქალების მიერ მეცნიერების, ტექნოლოგიის, საინჟინრო და მათემატიკის დარგების შერჩევას (მაგ. 2009 წელს საინჟინრო ფაკულტეტებზე სწავლობდა ქალების 27%) და (ბ) უმცირესობებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას ზოგადად. მიუხედავად უკეთესი აკადემიური მოსწრებისა, გაცილებით ნაკლები გოგონა ვიდრე ვაჟი ირჩევს მეცნიერების, საინჟინრო, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მათემატიკის დარგებს, რაც თავის მხრივ იწვევს კარგი სტუდენტების ნაკლებობას.

კვლევები და დაკვირვებები გვიჩვენებს, რომ მოსწავლეები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან (ეთნიკური უმცირესობები, სოფლად მაცხოვრებელი და ეკონომიკურად დუხჭირი მოსახლეობა) გაცილებით უფრო ნაკლებ შედეგებს აჩვენებენ ტექნიკურ დისციპლინებში. საჭიროა განსხვავებული მიდგომის შემუშავება, რათა ამ ახალგაზრდებმა შეძლონ უმაღლესი განათლების მიღება ზემოაღნიშნულ სფეროებში.

საუნივერსიტეტო საპარტნიორო კონსორციუმის შერჩევის ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს გამოცდილება აღნიშნულ დარგებში გოგონების, უმცირესობებისა და ეკონომიკურად ან სოციალურად დაუცველი მოსწავლეების მოზიდვა-შენარჩუნებაში. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება კვლევები, რომლებიც მიზნად ისახავენ გოგონებისა და სოციალურად დაუცველი ფენის ტექნიკურ დარგებში მონაწილეობის  ხელშემშლელი ფაქტორების დადგენას; პროგრამის ფარგლებში ჩატარდება ფართო საინფორმაციო კამპანიები, საკონსულტაციო - საორიენტაციო მუშაობა ახალგაზრდებთან, გაძლიერდება ქალების, უმცირესობებისა და დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობის კარიერის განვითარებაზე მიმართული პროგრამების როლი; და  შემოღებულ იქნება საჭიროებაზე დამყარებული სტიპენდიები.

სოციალური და გენდერული ინტეგრაციის გეგმა 

მეცნიერების ტექნოლოგიების საინჟინრო და მათემატიკის საგანმანათლებლო პროგრამებში და პროფესიებში მონაწილეობის ბარიერებისა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნების კვლევის ანგარიში 

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) სოციალური და გენდერული შეფასების საინფორმაციო ბიულეტენი 

ჯილდო - ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის