geo eng

გრანტები

საგრანტო კონკურსი პროფესიული  განათლების განვითარებისათვის

 

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, ახორციელებს (1) მსხვილი გრანტების პროგრამას პროფესიული განათლების განვითარებისთვის (PICG) და (2) მცირე გრანტების კონკურსს პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობისთვის (STPP):

1. მსხვილი გრანტების პროგრამა პროფესიული განათლების განვითარებისთვის (PICG) წარმოადგენს 12 მილიონი აშშ დოლარის საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის ან არსებული პროგრამების განახლებასთან დაკავშირებული წინადადებების დაფინანსება საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორებში.

კონკურსი  გამოცხადდა 2015 წლის ივლისში. საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე 70 კონცეფციის განაცხადი შემოვიდა, ჯამში 69 მილიონი აშშ დოლარის მოთხოვნილი საგრანტო თანხით. შემოსული პროექტების სრული ბიუჯეტი, კერძო სექტორის მხრიდან თანადაფინანსების ჩათვლით, 90 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა. ყველა განაცხადი შეფასდა დამოუკიდებელი შეფასების კომისიისა და საერთაშორისო ექსპერტების მიერ. შედეგად, დაფინანსებისთვის შეირჩა ათი განაცხადი.

ათი პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 19,6 მილიონი აშშ დოლარია, საიდანაც 12 მილიონი აშშ დოლარი საგრანტო თანხას, დანარჩენი კი, კერძო სექტორის თანადაფინანსებას წარმოადგენს. გამარჯვებული პროექტების მეშვეობით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შეიქმნება და განახლდება კერძო სექტორის მიერ შემდეგ დარგებში მოთხოვნადი პროგრამები: საზღვაო, საინჟინრო, ტურიზმი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ავიაცია და სოფლის მეურნეობა.

გრანტების მიმღები დაწესებულებებია: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია, პროფესიული კოლეჯი ”ფაზისი”, სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი, პროფესიული კოლეჯი ”თეთნულდი”, საზოგადოებრივი კოლეჯი ”სპექტრი”. 

მსხვილი გრანტების კონკურსის გამოცხადება მომავალში აღარ იგეგმება. 

2. პროფესიული განათლების სექტორში საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენისა და ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის (STPP) მიზანია ისეთი პროექტების დაფინანსება, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ბიზნესის წარმატებული თანამშრომლობის პრაქტიკას განავითარებენ, დანერგავენ შრომის ბაზარზე მოთხოვნად და ინდუსტრიის საჭიროების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებსა და სწავლების თანამედროვე მეთოდებს. თითო გრანტის მოცულობა შესაძლოა იყოს 5,000-დან 10,000 აშშ დოლარამდე. საგრანტო კონკურსის მიზანია, წაახალისოს საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა, დანერგვა და გავრცელება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პროფესიული განათლების განმახორციელებლებს, მათ შორის სახელმწიფო და კერძო პროფესიულ სასწავლებლებს, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კომპანიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპზე, დაფინანსდა შვიდი გამარჯვებული პროექტი, საერთო ბიუჯეტით 70,000 აშშ დოლარი. საგრანტო კონკურსის მეორე რაუნდის გამოცხადება 2016 წლის ბოლოს იგეგმება.