geo eng

ტექნიკური დახმარება

ტექნიკური დახმარების კომპონენტის ძირითადი მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა. პროექტი ტექნიკურ დახმარებას უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სააგენტოებს: სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს", სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა"  და სსიპ „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს".

2015 წლის იანვარში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის,  PEM Consult-სა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლობით მომზადდა 2016-17 წლების ტექნიკური და ექსპერტული დახმარების დეტალური სქემა და განხორციელების გრაფიკი. 

2015 წელს ტექნიკური დახმარება  მოიცავდა შემდეგ ხუთ მიმართულებას:

  1. პროფესიული განათლების სისტემის მართვა, განსაკუთრებით სექტორულ დონეზე და საჯარო-კერძო პარტნიორობის მიმართულებით;

  2. შესაძლებლობების და ადამიანური რესურსების გაძლიერება შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი საგანმანთლებლო პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებაში;

  3. პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს დასრულება;

  4. კარიერული დაგეგმვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში;

  5. პროფესიული მასწავლებლებისთვის სატრენინგო პროგრამის შემუშავება კომპეტენციებზე დაფუძნებულ სწავლებასა და შეფასებაში.

2016 წლიდან ტექნიკური დახმარების ხუთი მიმართულება გაერთიანდა შემდეგ სამ მიმართულებაში:

  1. კერძო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობა პროფესიული განათლების მართვაში. მოიცავს საჯარო-კერძო პარტნიორობას, დარგობრივი საბჭოების შესაძლებლობის გაძლიერებას, სოციალური პარტნიორობის გაძლიერებას ადგილობრივ დონეზე და სხვა;

  2. პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოსა და ხარისხის მართვის სისტემების  განვითარების ხელშეწყობა ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს მოთხოვნების გათვალისწინებით. მოიცავს ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს განვითარებას, არაფორმალური განათლების აღიარებას, ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს განვითარებას და სხვა;

  3. კარიერული განათლებისა და დაგეგმვის მხარდაჭერა სკოლებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.