geo eng

ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობის მიზნით აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ (Millennium Challenge Corporation - MCC) მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის 140 მილიონი აშშ დოლარის მეორე კომპაქტის გამოყოფის თაობაზე. 

2013 წლის 26 ივლისს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე კომპაქტის ხელშეკრულებას, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით.  საერთაშორისო და ადგილობრივმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოში მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა, განსაკუთრებით საინჟინრო და საბუნებისმეტყველო დარგებში, შესაბამისად, მეორე კომპაქტის ძირითადი მიმართულებებია:

ზოგადი განათლება: ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების მიზნით საქართველოს რეგიონებში 100-მდე საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლების ტრენინგების და საკლასო, ეროვნული და საერთაშორისო შეფასებების განხორციელება. აღნიშნული მიზნების მისაღწევად მოხდება 76 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა.

პროფესიული განათლებაადგილობრივი ეკონომიკისათვის შესაბამისი, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული პროფესიული განათლების მიწოდების უზრუნველყოფა.  პროექტის განსახორციელებლად მოხდება 16 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა.

უმაღლესი განათლება: მეორე კომპაქტის ფარგლებში მოხდება მაღალი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის უმაღლესი განათლების პროგრამების დანერგვა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის მიმართულებებში (STEM). აღნიშნული პროექტი გულისხმობს ამერიკული და ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტების პარტნიორობას კონსორციუმის ფარგლებში და საქართველოში ამერიკული უნივერსიტეტების საბაკალავრო პროგრამების განხორციელებას.  ასევე, თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტების პროგრამების განვითარებას. უმაღლესი განათლების პროგრამის მიმართულებისათვის მოხდება 30 მილიონი აშშ დოლარის გრანტის გამოყოფა.

სოციალური და გენდერული უთანასწორობა მნიშვნელოვნად აფერხებს ეკონომიკურ ზრდასა და სიღარიბის აღმოფხვრას. შესაბამისად, მეორე კომპაქტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სოციალური და გენდერული ასპექტების ინტეგრირებას პროექტების განხორციელების ყველა ეტაპზე.

MCC–ის მეორე კომპაქტს საქართველოში ახორციელებს სსიპ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო (MCA-Georgia).