geo eng
მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტს ტექნიკურ დახმარებას IREX გაუწევს

2016-03-21

14 მილიონი აშშ დოლარის გრანტი საქართველოში მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარებისთვის

2016 წლიდან დაიწყო ათასწლეულის გამოწვევის ფონდის „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“, რომლის მიზანია საჯარო სკოლების მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება საბუნებისმეტყველო საგნებში, მათემატიკასა და ინგლისურ ენაში.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად დაგეგმილია საქართველოს ყველა საჯარო სკოლის 7-12 კლასის (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, მათემატიკა, ინგლისური ენა, ინფორმაციული ტექნოლოგიები) მასწავლებლის და სკოლის დირექტორის პროფესიული განვითარების ტრენინგების განხორციელება. შედეგად, მომავალი ოთხი წლის მანძილზე გადამზადდება საქართველოს ყველა ზემოაღნიშნული საგნის მასწავლებელი, ასევე, საჯარო სკოლის დირექტორი და ფასილიტატორი.  პროექტი ხელს შეუწყობს სკოლის ბაზაზე მასწავლებლების პროფესიული განვითარების სისტემის შექმნას და დანერგვას.

2016 წლის მარტიდან მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის განხორციელებაში ჩაერთო საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX, რომელიც პროექტის მართვის კონსულტირებას გაწევს მომავალი ერთი წლის განმავლობაში. პროექტის ტექნიკური დახმარების კომპონენტის პრეზენტაცია 2016 წლის 21 მარტს, სასტუმრო თბილისი მარიოტში გაიმართა. ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ; ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები ლია გიგაური და გიორგი შარვაშიძე ესწრებოდნენ. IREX-ის კონსულტანტები პროექტის წარმომადგენლებთან ერთად სატრენინგო მოდულების შემუშავებასა და სხვა ტექნიკურ საკითხებზე ერთი წლის განმავლობაში იმუშავებენ. მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციაა სსიპ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების ცენტრი. 

პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.  პროექტის სრული ბიუჯეტია 14 მილიონი აშშ დოლარი.