geo eng
ენერგეტიკის სამინისტროს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

2016-06-10

2016 წლის 10 ივნისს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა საქართველოში კენ უოლშმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმს ასევე, ხელს აწერენ ენერგეტიკული კომპანიები: სს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ კომპანია შპს „ენერგოტრანსი“, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ და კომპანია სს „ენერგო-პრო ჯორჯია“.

მემორანდუმის გაფორმების მიზანია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მომუშავე უმსხვილეს კომპანიებს, ენერგეტიკის სამინისტროს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა. აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების თანამშრომლობას და ჩართვას ენერგეტიკის სამინისტროსა და ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე კომპანიების მუშაობაში.

ღონისძიების ფარგლებში, ენერგეტიკის მინისტრი შეხვდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოში. ასევე, დაათვალიერა დასაქმებისა და სტაჟირების ფორუმი, სადაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სტაჟირების და მომავალში დასაქმების შეთავაზების მიზნით საქართველოში მოღვაწე უმსხვილესი კომპანიები შეიკრიბნენ.