geo eng
ვიცე-პრემიერი კახა კალაძე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო დარგების მნიშვნელობაზე ისაუბრა

2016-06-24

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და საქართველოს ეკონომიკაში ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების პროფესიონალების როლზე ისაუბრა. ღონისძიება გახსნა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სონია შარიგიანი და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-დეკანი საქართველოში პროფესორი ჰალილ გუვენი.  

სტუდენტებისთვის პრეზენტაციები გააკეთეს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ხელშეწყობის ფონდის ხელმძღვანელმა მიხეილ ზიბზიბაძემ.

კახა კალაძემ სტუდენტებს გააცნო ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილ სიახლეები. ასევე, ისაუბრა დარგში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. შეხვედრაზე განიხილეს შესაძლებლობები, რომლებიც სტუდენტებს, 10 ივნისს, ენერგეტიკის სექტორში მომუშავე უმსხვილეს კომპანიებს, ენერგეტიკის სამინისტროს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის  გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ეძლევათ.    აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების და კურსდამთავრებულების თანამშრომლობას და ჩართვას ენერგეტიკის სამინისტროსა და ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე კომპანიების მუშაობაში.

შეხვედრის ფარგლებში ვიცე-პრემიერმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი  - საქართველო (SDSU-Georgia) პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.

2015 წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებს ინჟინერიაში, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგებში, საქართველოში ამ დარგების განვითარებისა და  მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადების მიზნით. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ განათლებას და დიპლომს. პირველივე წელს, უნივერსიტეტმა მიიღო უნიკალური უნარებისა და ცოდნის მქონე სტუდენტთა ნაკადი, რომელთა შორის არიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალი ქულების მომპოვებლები, ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო ოლიმპიადების გამარჯვებულები, ახალგაზრდა გამომგონებლები და ინოვატორები.