geo eng
კერძო და საჯარო ორგანიზაციებთან პარტნიორობისთვის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში სპეციალურ ფონდს აფუძნებს

2016-11-17

17 ნოემბერს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა (SDSU) საქართველოში კერძო და საჯარო სექტორთან პარტნიორობის ფონდის (PPPF) პრეზენტაცია გამართა.

ფონდის მთავარი მიზანია კერძო და საჯარო სექტორთან თანამშრომლობით ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის და ფონდის დაფინანსების დამატებითი თანხების მოზიდვა სტუდენტების დაფინანსებისთვის, რაც საშუალებას მისცემს SDSU-საქართველოს წარჩინებულ სტუდენტებს, მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიურ დარგებში.

ფონდის მიერ მოზიდული თანხები, აგრეთვე, მოხმარდება სტუდენტების ინოვაციური და კვლევითი პროექტების განვითარებასა და მათ გაცვლით სასწავლო ვიზიტებს სან დიეგოს მთავარ კამპუსში, კალიფორნიაში. პარტნიორობის ფონდში ჩართულ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ, ნიჭიერ ახალგაზრდებს შესთავაზონ სტაჟირება და დასაქმება. SDSU პარტნიორ ორგანიზაციებს, აგრეთვე, შესთავაზებს ტრენინგებს, კადრების პროფესიულ გადამზადებას, აშშ-ში მოღვაწე ბიზნესებთან თანამშრომლობის და სხვა საინტერესო შესაძლებლობებს.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ნაწილობრივ და სრულ დაფინანსებას გასცემს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს პირველი და მეორე ნაკადის 180-მდე სტუდენტისთვის, რის შესახებაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ ფონდის პრეზენტაციაზე ისაუბრა. 

სპეციალურად ფონდის პრეზენტაციისთვის საქართველოს ეწვია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი სტივ ვებერი.  სტუმრებს სიტყვით მიმართეს აშშ-ის ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ იან კელიმ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა.  ფონდის მიზნები და მომავალი გეგმები მოწვეულ სტუმრებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა საქართველოში, კენ უოლშმა გააცნო.  პრეზენტაციაზე ასევე გამოცხადდა იმ სტუდენტთა ვინაობა, რომლებმაც უკვე მიიღეს სრული და ნაწილობრივი სტიპენდიები კომპანიებისგან, რომლებმაც უკვე დაიწყეს ფონდთან თანამშრომლობა.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდის უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, საქართველოში ახორციელებს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.

ფონდის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: ელენე ალადაშვილს, ტელ.: 577974004, ელფოსტა: ealadashvili@mail.sdsu.edu