geo eng
საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა (SDSU) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი შენობის პროექტის და საბაკალავრო პროგრამების პრეზენტაცია გამართეს

2016-12-19

19 დეკემბერს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა (SDSU) საქართველოში საზოგადოებას ახალი შენობის პროექტს წარუდგინა. ოთხსართულიანი, 4750 კვადრატული მეტრის საგანმანათლებლო ნაგებობის მშენებლობა ვაკეში, ჩოლოყაშვილის გამზირზე, SDSU საქართველოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება. შენობაში, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი, განთავსდება SDSU საქართველოს დამატებითი საკლასო ოთახები, სამუშაო სივრცეები და საერთაშორისო სტანდარტების ელექტრული ინჟინერიისა და სამშენებლო ინჟინერიის ლაბორატორიები. მშენებლობა 2017 წლის პირველ კვარტალში დაიწყება.

ღონისძიებას დაესწრნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბენჯამენ ზიფი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი.

პრეზენტაციაზე ასევე გამოცხადდა SDSU საქართველოს ახალი საბაკალავრო პროგრამების დაწყების შესახებ სამშენებლო და სამოქალაქო ინჟინერიაში.  2017 სასწავლო წელს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს საქართველოში შესთავაზებს ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს სამშენებლო ინჟინერიაში, სამოქალაქო ინჟინერიაში, კომპიუტერულ მეცნიერებებში, კომპიუტერულ ინჟინერიაში, ელექტრულ ინჟინერიასა და ქიმია/ბიოქიმიაში. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთი სემესტრით ან ერთი წლით სწავლა განაგრძონ SDSU-ს კალიფორნიის კამპუსში. პროგრამის პარტნიორები საქართველოში არიან:  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.