geo eng
ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის 2016 წლის საქმიანობის მიმოხილვა

2017-02-23

2017 წლის 22 თებერვალს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 2016 წელს განხორციელებული საქმიანობის პრეზენტაცია გამართა. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დირექტორმა, ქალბატონმა მაგდა მაღრაძემ გასულ წელს პროექტების ფარგლებში მიღწეულ შედეგებსა და წარმატებაზე ისაუბრა და აუდიტორიას სამომავლო გეგმები  გააცნო. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ბატონმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ, ბატონმა იან კელიმ და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა, ქალბატონმა ჯენერ ედელმანმა მიმართეს.

„ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის, ჩვენი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებაა ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი, რომელიც დიდი წარმატებით ხორციელდება საქართველოში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქმიანობის წლიურ ანგარიშზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოს ეკონომიკური წინსვლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა, რა მიზანსაც ემსახურება ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი.

140 მილიონი აშშ დოლარის მეორე კომპაქტს საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ახორციელებს. კომპაქტს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელი 2013 წლის 26 ივლისს მოეწერა. ხელშეკრულება ძალაში 2014 წლის 1 ივლისიდან შევიდა.

„2016 წელს დაიწყო 30 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 12 საჯარო სკოლას. 9000-ზე მეტმა მასწავლებელმა შეძლო, მიეღო მონაწილეობა პროფესიული განვითარებისა და გადამზადების კურსებში. 12 მილიონი აშშ დოლარის გრანტი ჩაიდო პროფესიული განათლების ახალი 45 პროგრამის განვითარებასა და დაწყებაში და განხორციელდა, ასევე, არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა საქართველოში განათლების ხარისხის გაძლიერების მიზნით,“  - დასძინა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

კომპაქტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად, 1.7 მილიონი საქართველოს მოქალაქის ცხოვრება შეიცვლება უკეთესობისკენ. „25 წელი შეუსრულდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობებს და ამ ფონზე ყველაზე დიდი სიხარული ჩვენთვის არის, რომ ამერიკის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ახორციელებს უმსხვილეს პროექტს განთლების სფეროში.“ - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომპაქტი ითვალისწინებს 2019 წლის ჩათვლით პროექტების განხორციელებას საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო განათლების ხარისხისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიზნით. შესაბამისად,  თითოეული პროექტი ხელს უწყობს ქვეყანაში უმუშევრობის დაძლევასა და ეკონომიკის გაძლიერებას.

„ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი მხარს უჭერს საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო დარგების განვითარებას საქართველოში. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტი. ჩვენ დიდი ინვესტიცია ჩავდეთ აღნიშნულ პროექტში, რათა საქართველოს ჰქონდეს შესაძლებლობა, სრულად იყოს ჩართული 21-ე საუკუნის ეკონომიკაში“- აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ.

„ჩემთვის პატივია, რომ ამ პროგრამაში მივიღე მონაწილეობა. ეს პროექტი და ყველა ის პროგრესი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ არის საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული პარტნიორობის შედეგი,“ - განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ამაყობს საქართველოს ეკონომიკის ზრდისა და განვითარების პროცესში წვლილის შეტანის შესაძლებლობით და მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და ხალხს საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის.

ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის 2016 წლის საქმიანობის მიმოხილვა, გთხოვთ, იხილოთ აქ