geo eng
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა

2017-04-11

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას, საბჭოს წევრებთან ერთად, საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე ფატიმა სუმარი, მმართველი დირექტორი ჯონათან ბრუქსი, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი და ათასწლეულის გამოწვევს კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯენერ ედელმანი დაესწრნენ.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ სამეთვალყურეო საბჭოს ათასწლეულის კომპაქტის ფარგლებში მიმდინარე პროექტები და მომავალი ორი წლის სამოქმედო გეგმა გააცნო.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომპაქტი ითვალისწინებს 2019 წლის ჩათვლით პროექტების განხორციელებას საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო განათლების ხარისხისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიზნით, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით. შესაბამისად, თითოეული პროექტი ხელს უწყობს ქვეყანაში უმუშევრობის დაძლევასა და ეკონომიკის გაძლიერებას.

აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტი (გრანტი) 2014 წელს შევიდა ძალაში და მას ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ახორციელებს.

წყარო: პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური