geo eng
კინოფილმის რეტროსპექტივა

2017-05-02

მეტი ქალი გვინდა დავინახოთ ტექნოლოგიებსა და საინჟინრო პროფესიებში

 

2017 წლის 2 მაისს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, თბილისის კინოთეატრში მოეწყო კინოფილმის „დამალული ფიგურების“ რეტროსპექტივა.

ფილმი დაფუძნებულია სამი აფრიკული წარმოშობის ამერიკელი ქალის ცხოვრების რეალურ ისტორიაზე,  რომელიც ვითარდება მე-20 საუკუნის ისეთი მნიშვნელოვანი მოძრაობების გზაგასაყარზე, როგორიცაა: ცივი ომი, ბრძოლა პირველობისთვის კოსმოსში, ბრძოლა სამოქალაქო უფლებებისთვის  და გენდერული თანასწორობისთვის.

კინოფილმი მოგვითხრობს უზომოდ ნიჭიერ ქალებზე, რომელთაც შეეძლოთ საოცარი სიზუსტის გამოთვლების გაკეთება  და მიუხედავად იმისა, რომ არსად ჩანდნენ მათ უდიდესი წვლილი მიუძღვით ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსის ადმინისტრაციის (NASA) ისტორიულ მიღწევებში. ფილმში გაშუქებულია ამ ქალების კარიერული გზები, მათი ცხოვრებისეული ისტორიები და  თუ როგორ შეიძლება  ინტელექტის გამოყენებით შეცვალო  საკუთრი ცხოვრება და ქვეყნის მომავალი.    

ბევრმა არც კი იცის, რომ 1940-დან 1960-იან წლებამდე აფრიკელი ამერიკელი ქალების ჯგუფი ეხმარებოდა აერონავტიკისა და კოსმოსის ადმინისტრაციას გამოთვლების წარმოებასა და კოსმოსის დაპყრობაში. ამ ქალებს ეძახდნენ „ადამიან კომპიუტერებს“, სინამდვილეში კი ისინი ხელით ასრულებდნენ ურთულეს გამოთვლებს და უზრუნველყოფდნენ ხომალდებისა და ასტრონავტების ზუსტ დაშვებას.     

კინოფილმები, რომლებიც წარმოაჩენენ ქალ როლურ მოდელებს მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ გოგონებისა და ქალების შეხედულებებსა და კარიერულ არჩევანზე. ფილმის ჩვენებაზე კინოთეატრში მოწვეულ იყვნენ სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და პარტნიორი ორგანიზაციების წამომადგენლები.

გენდერული უთანასწორობა მიჩნეულია ეკონომიკის ზრდის და სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთ დამაბრკოლებელ ფაქტორად. გენდერული და სოციალური ასპექტები გათვალისწინებულია კომპაქტის ფარგლებში დაგეგმილი პროგრამების განხორციელების ყველა ეტაპზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას თანაბარი წვდომა კომპაქტის რესურსებზე.