geo eng
აშშ-ის ელჩმა საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექვსი სტუდენტი სტიპენდიით დააჯილდოვა

2017-06-05

5 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში მისმა აღმატებულება იან კელიმ და საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა კენ უოლშმა უნივერსიტეტის ექვსი მომავალი სტუდენტი აშშ-ის საელჩოს სპეციალური სტიპენდიით დააჯილდოვა.

აშშ-ის საელჩოს სტიპენდიების პროგრამა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის 2017 წლის მარტში გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის წარმომადგენლებს, რომლებიც აკმაყოფილებდნენ უნივერსიტეტში მიღებისთვის საჭირო მოთხოვნებს. სტიპენდია ითვალისწინებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ საქართველოში შემოთავაზებულ ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის სრულ დაფინანსებას. აღნიშნული სტიპენდია ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი და სოციალურად დაუცველი აბიტურიენტებისთვის ამერიკული ბაკალავრიატის პროგრამებზე ხელმისაწვდომობისა და თანასწორობის უზრუნველყოფას.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გრანტის ფარგლებში,  2015 წლიდან სტუდენტებს სთავაზობს ბაკალავრიატის ამერიკულ პროგრამებს ტექნოლოგიების, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო (STEM) დარგებში. ამ უნიკალური პროგრამის მთავარი მიზანია, ქვეყანაში შეიქმნას მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი კადრები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებასა და დასაქმებას.

დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯენერ ედელმანი.