geo eng
საჯარო-კერძო პარტნიორობის მაგალითი - საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრი, 2017 წლის შემოდგომიდან დაიწყებს პროფესიულ პროგრამებზე სტუდენტების მიღებას

2017-07-05

საქართველოს ვიცე პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და BP საქართველოს გენერალური მენეჯერი კრის შლიტერი 2017 წლის 5 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს (სტუ) ეწვია.  სტუმრებმა დაათვალიერეს საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრის ფარგლებში მოწყობილი თანამედროვე ლაბორატორია და გაეცნენ მასწავლებელთა გადამზადების პროცესს.

საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრი საჯარო-კერძო პარტნიორობის ერთერთი წარმატებული მაგალითია. ცენტრის რეკონსტრუქცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო თანამედროვე ლაბორატორიებით აღჭურვა და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის დაფინანსებით BP საქართველოსთან თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 5,5 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც 2,3 მილიონი აშშ დოლარი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ გამოყოფილი გრანტია, ხოლო დანარჩენი თანხა - სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანადაფინანსებას წარმოადგენს.

საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრი 2017 წლის შემოდგომიდან დაიწყებს ფუნქციონირებას ახალ, სრულად ადაპტირებულ შენობაში, სადაც სტუდენტები დაეუფლებიან თანამედროვე, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისს პროფესიებს მექანიკური ინჟინერიის ტექნიკოსის, მაღალი ძაბვის ელექტრიკოსის, მექატრონიკის ტექნიკოსისა და წარმოების ავტომატიზაციის ტექნიკოსის მიმართულებით. ყველა პროგრამა შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და წარმატებული კურსდამთავრებულები, პროფესიული განათლების დიპლომთან ერთად, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ გერმანულ სერტიფიკატს მიიღებენ.

საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრის პირველი ლაბორატორია, რომელიც  BP საქართველოს ფინანსური კონტრიბუციითაა შეძენილი, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდა, მასწავლებელთა გადამზადების მიზნით. შეძენილი გერმანული ლაბორატორიის საერთო ღირებულება 578,991 აშშ დოლარია. ამჟამად, ლაბორატორიაში უცხოელი სპეციალისტების მიერ სტუ-ს პროფესორ-მასწავლებელის გადამზადება მიმდინარეობს.