geo eng
ფინანსთა სამინისტრო ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერას განაგრძობს

2017-07-18

2017 წლის 18 ივლისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და უნივერსიტეტის დეკანმა დოქტორმა კენ უოლშმა. 

მემორანდუმზე ხელმოწერას დაესწრნენ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯენერ ედელმანი, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილი.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის უმაღლესი განათლების პროექტის ფინანსური მხარდაჭერით უკვე მესამე წელია წარმატებით ფუნქციონირებს აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს წარმომადგენლობა. კალიფორნიის ეს წამყვანი უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ბაკალავრიატის პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომებს.

მემორანდუმი ითვალისწინებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერას, რაც გულისხმობს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საფინანსო სფეროში სტაჟირებას; საჯარო-კერძო სექტორთან ურთიერთობის გაღრმავებასა და ერთობლივი ღონისძიებების განხორცილებას; აგრეთვე საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური დარგების პოპულარიზაციას, გადამზადებული კადრების შემდგომ დასაქმების ხელშეწყობას.

მემორანდუმის ფარგლებში გაძლიერდება პარტნიორობა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში. პროექტის მიზანია საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული კადრების მომზადების ხელშეწყობა, რაც გაზრდის ინვესტიციების რაოდენობას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. 

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მისიაა საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული განათლების სისტემის დანერგვა.  ჩვენ ვახორციელებთ პროექტებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC-ის) მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტის (კომპაქტის) მეშვეობით. კომპაქტი არის საქართველოს განათლების სექტორში განხორციელებული ყველაზე დიდი ინვესტიცია, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის განვითარებას საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო (STEM) დისციპლინებში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას საქართველოში.