geo eng
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის გრანტით თანამედროვე ავიატორები მომზადდებიან

2017-08-10

საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის თელავის სასწავლო-საფრენოსნო ბაზისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე უნივერსიტეტის ტექნიკური მომსახურების სასწავლო ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, საქართველოს ავიაციის უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლიდან სამი ახალი მეხუთე საფეხურის მოდულური პროგრამა ამოქმედდება. პროფესიული განათლების ახალი პროგრამები ევროპის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მოთხოვნების შესაბამისად შემუშავდა.  ახალი პროგრამები სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს და შესაძლებლობას აძლევს კურსდამთავრებულებს, დასაქმდნენ ადგილობრივ და საერთაშორისო ავიაკომპანიებში, აეროპორტებში, საავიაციო ტექნიკური მომსახურების საწარმოებსა და საავიაციო ქარხნებში. ახალ მოდულურ პროგრამებზე მიღება უნივერსიტეტში 2017 წლის ოქტომბერში დაიწყება.

პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტის თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, თვითმფრინავებსა და ავიასიმულატორებს ახალი ტექნიკაც შეემატება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დახმარებით საავიაციო უნივერსიტეტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საკუთარი ანგარი აქვს, სადაც განთავსდა ტექნიკური მომსახურების სასწავლო ბაზისა და პრაქტიკული სწავლებისათვის განკუთვნილი ბოინგ-737 ტიპის საჰაერო ხომალდი, რომელიც ასევე უნივერსიტეტის მფლობელობაშია და არის უნიკალური შესაძლებლობა, მომავალმა მფრინავებმა პრაქტიკული მეცადინეობა რამდენიმე მიმართულებით გაიარონ, რაც საერთაშორისო საფრენოსნო კონვენციის მოთხოვნებს მთლიანად დააკმაყოფილებს.