geo eng
თბილისის მერი სან დიეგოს დელეგაციის წევრებს შეხვდა

2017-09-12

თბილისის მერი დავით ნარმანია,  სან დიეგოდან საპასუხო ვიზიტით ჩამოსულ დელეგაციის წევრებს შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი და ხემძღვანელი პირები იყვნენ.

შეხვედრაზე დავით ნარმანიამ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორ ჩუკაკა ენვემეკას თბილისის მერის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი გადასცა, რომლის მიხედვითაც 12 სექტემბერს თბილისში სან დიაგოს დღე აღინიშნება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მერის კალიფორნიაში ვიზიტის დროს მიიღეს, სადაც დავით ნარმანიამ სან დიეგოს მერთან შეხვედრისას ასეთივე დოკუმენტი მიიღო და 25 აპრილი სან დიეგოში თბილისის დღედ ოფიციალურად გამოცხადდა.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტი ხაზს უსვამს  ორ ქალაქს შორის თანამშრომლობასა და პარტნიორობას.

 „ვინაიდან სან დიეგოს უნივერსიტეტი ძალიან მნიშვნელოვან პროგრამებს ახორციელებს, ჩვენთვის განსაკუთრებით ხაზგასასმელია სამოქალაქო ინჟინერიისა და სამშენებლო მიმართულების განვითარებასთან  დაკავშირებული სწავლება. ვისაუბრეთ ქალაქის ჩართულობაზე, გარდა ამისა ვინაიდან სან დიეგოს ქალაქის  მერმა მიიღო გადაწყვეტილება და ყოველწლიურად სან დიეგოში თბილისის დღე აღინიშნება, ჩვენც მივიღეთ გადაწყვეტილება და ყოველი წლის 12 სექტემბერს აღვნიშნავთ თბილისში სან დიეგოს დღეს, რითიც კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ჩვენს შორის თანამშრომლობასა და პარტნიორობას“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. 

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს  სამომავლოდ ორ ქალაქს შორის პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. 

წყარო: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია