geo eng
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ფოტო გამოფენა „საქართველოს ტექნოლოგიური მემკვიდრეობა“ გაიხსნა

2017-12-24

საქართველოს ეროვნულ არქივში  ფოტო გამოფენა „საქართველოს ტექნოლოგიური მემკვიდრეობა“ გაიხსნა.
ექსპოზიციაზე წარმოგიდგენილია ფოტო მასალა ქართველი მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეების შესახებ, რომელთაც მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდათ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში. ასევე, ასახულია საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი გამოგონებებისა და ტექნოლოგიური პროექტების ამსახველი უნიკალური მასალა. 
მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი:
„გამოფენა ადასტურებს, რომ საქართველოს ძალიან ბევრი წარმატებული ინჟინერი, გამომგონებელი, მშენებელი და მეცნიერი ჰყავდა. გამოფენა მოვაწყეთ ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით და მათი დახმარებით, საზოგადოებას ვაცნობთ მართლაც უნიკალურ მასალებს. გამოფენით დამთვალიერებლებს ვუზიარებთ ინფორმაციას საქართველოს ისტორიული ინტელექტუალური პოტენციალის, სახელმწიფოს ფორმირებისა და ქართველი მეცნიერების მიერ მსოფლიოს სამეცნიერო სივრცეში შეტანილი წვლილის შესახებ.“

გამოფენის გახსნას დაესწრნენ საქართელოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები.

ელიზაბედ რუდი, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი:-„მოხარული ვარ, რომ საელჩო ამ გამოფენის პარტნიორია. ჩვენი მთავრობა მხარს უჭერს საქართველოში ტექნოლოგიური მიმართულების გაძლიერებას, როგორც სკოლის, ასევე საუნივერსიტეტო და პროფესიულ დონეზე. ვიმედოვნებთ, რომ მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური მიმართულება უფრო განვითარდება საქართველოში.“

გამოფენის მიზანია, საზოგადოებას გააცნოს XX საუკუნის საქართველოს მიღწევები ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში. პროექტი ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით ხორციელდება.

გამოფენა  31 დეკემბერის ჩათვლით უმასპინძლებს დამთვალიერებელს.