geo eng
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ნახევარფინალში 20 გუნდი გადავიდა

2018-01-11

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის  2017-2018 წლის ნახევარფინალში, კონკურსის ექსპერტთა კომისიის გადაწყვეტილებით, 20 გუნდი გადავიდა. შესაბამისად, კონკურსის მეორე ეტაპზე ინოვაციურ პროექტებსა და გამოგონებებს თბილისის, ბათუმის, ვანის, თელავის, სოფელი პატარძეულის, რუსთავის, ქუთაისის, სოფელი ქსოვრისის, ხონის და სოფელი წილკნის სკოლების გუნდები წარმოადგენენ. კომისიამ ნახევარფინალში გადასული გუნდები ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით გამოავლინა.

ათასწლეულის ინოვაციის ნახევარფინალში გასულმა 20–მა გუნდმა, კონკურსის ფინალურ ეტაპზე გასასვლელად, კომისიის წინაშე უნდა წარმოადგინოს საკუთარი პროექტების პრეზენტაციები, რის შედეგადაც გამოვლინდება ფინალისტი გუნდები. 
 
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალი გაიმართება 2018 წლის აპრილში, თბილისში. კონკურსის ფინალში გუნდები კომისიის წინაშე წარადგენენ დასრულებულ პროექტებს, პროტოტიპებს. წარმოდგენილი დასრულებული პროექტების მიხედვით, ექსპერტთა კომისია შეარჩევს პირველ, მეორე და მესამ ადგილებზე გასულ გუნდებს, რომელთაგან პირველ ადგილზე გასული, 2018 წლის მაისში, გაემგზავრება აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებს NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, ჰიუსტონში.
 
ათასწლეულის  ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში, რაც გაზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს. პროექტის ერთ-ერთი მიზანია კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაკავშირება წარმატებულ მეცნიერებთან და კერძო სექტორთან, რაც დაეხმარება მათ სამომავლოდ პარტნიორობის დამყარებაში, გამოცდილებისა და ცოდნის მიღებაში.  
 
კონკურსი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს მიერ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით.
 
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მეორე ეტაპზე გასული პროექტების სია:
1. რობოტი ლაბორანტი | მწვანე სკოლა, აია-ჯესს | თბილისი;
2. კესლერის სინდრომის თავიდან აცილების მეთოდი | ტექნიკური შემოქმედების გიმნაზია, მე-12 საჯარო სკოლა | ხონი, ქუთაისი;
3. ყურძნის უწამლი ჯიშებიდან მიღებული ბიოლოგიურად აქტიური კვებითი დანამატების ტექნოლოგია | ცისიერ დიღმელაშვილის ქართულ-ფრანგული სკოლა-ლიცეუმი | სოფ. პატარძეული;
4. ქარის ტურბინები ქართული ფრთებით | ევროპული სკოლა | თელავი;
5. უნივერსალური შუქნიშანი  | აია - ჯესს |  თბილისი;
6. Helmet Vision | სოფ. წილკნის საჯარო სკოლა | სოფ. წილკანი;
7. გასხივოსნება | აია - ჯესს | თბილისი;
8. Auxilium | 199-ე საჯარო სკოლა | თბილისი;
9. მზის პანელის ენერგოეფექტური მოსაბრუნებელი მექანიზმი | ტექნიკური შემოქმედების გიმნაზია, მე-12 საჯარო სკოლა | ხონი, ქუთაისი;
10. მიწისძვრისას ვერტიკალური და ჰორიზონტალური რხევების უნივერსალური კომპენსატორი | აია - ჯესს | თბილისი;
11. Shleid | აია - ჯესს | თბილისი;
12. მეხანძრის ტანსაცმელი დინამიკური თბომედეგობით | მე-2 საჯარო სკოლა | ვანი;
13. ათასწლეულის ინოვაციის პროექტი | ქსოვრისის საჯარო სკოლა | სოფ. ქსოვრისი;
14. ჰელიო წყლის გამათბობელი | მე-2 საჯარო სკოლა, მე-6 საჯარო სკოლა, მე-8 საჯარო სკოლა, მე-15 საჯარო სკოლა | ბათუმი;
15. MediTAP Wristband| სკოლა პროგრესი | ბათუმი;
16. კრიპტო გასაღების კვანტური განაწილება | ევროპული სკოლა | თბილისი;
17. სასწავლო მულტიმეტრი | 199-ე საჯარო სკოლა | თბილისი;
18. აკუსტიკური სიგნალების სპექტრული ანალიზატორის ნეირონული ქსელი | 42-ე საჯარო სკოლა | თბილისი;
19. ჰოლოგრამული გიდი | 136-ე საჯარო სკოლა, სკოლა „რეცა“ | რუსთავი, თბილისი;
20. ლაზერული არფა | აია - ჯესს | თბილისი.