geo eng
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა

2018-04-13

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდები გამოავლინა. თორმეტ ფინალისტ გუნდს შორის პირველი ადგილის მფლობელები თბილისის სკოლა აია-GESS-ის მეათე კლასის მოსწავლეები: ანი თეთრაშვილი, თამარ მიქელაძე და ნინი ხუნძაყიშვილი გახდნენ.

პირველ ადგილზე გასული გუნდის პროექტი „რობოტი ლაბორანტი“ სამი რობოტისგან შედგება, რომელთა დახმარებითაც მოსწავლეები შეძლებენ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ცდები დამოუკიდებლად, დისტანციურად ჩაატარონ. მოწყობილობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

„დღემდე, ბევრი სკოლა არ არის ლაბორატორიებით აღჭურვილი, ამიტომ მოსწავლეები ვერ ატარებენ ექპერიმენტებს, ჩვენი ლაბორატორია ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მოსწავლისთვის“ - ამბობობენ გამარჯვებულები.

„ჩვენი კონკურსის ფინალისტები ზაფხულში მონაწილეობას მიიღებენ აშშ–ში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაში. კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება და ჯამში 280 გუნდს აქვს მონაწილეობა მიღებული. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანი ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებაა.“ – განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

კონკურსის მეორე ადგილზე ვანის მეორე საჯარო სკოლის პროექტი „მეხანძრის ტანსაცმელი დინამიკური თბომედეგობით“, მესამე ადგილზე კი სკოლა აია-Gess-ის  მოსწავლეების პროექტი „წყლის ფარი“ გავიდა.

გუნდებს გამარჯვება აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა მიულოცეს.

მიხეილი ჩხენკელი: – „მიხარია, რომ გავეცანი ამ უაღრესად ნიჭიერი მოსწავლეების ინოვაციურ პროექტებს, ნაშრომებში კარგად ჩანს მათი შემოქმედებითი დამოკიდებულება ზუსტი და საბუნებისმეტყველო ტექნოლოგიების მიმართ. ამ დარგების პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და  ეს კონკურსი კი ამ პროცესში არსებით როლს თამაშობს".

კონკურსში მონაწილე გუნდებისთვის სპეციალური ჯილდოები დააწესეს: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქპატენტმა, National Geographic საქართველომ და სახალისო მეცნიერებათა მუზეუმმა - ექსპერიმენტორიუმი. გუნდი „კვარკი“ დაჯილდოვდა გოგოების საერთაშორისო ბანაკში (WiSci Georgia 2018) მონაწილეობით.

კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.