geo eng
ტექნიკური დახმარება პროფესიული განათლების გაძლიერებისთვის

2018-04-27

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, ტექნიკური დახმარების კომპონენტის განხორციელების შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.

კონფერენციაზე განიხილეს პროექტის განხორციელების პირველი სამი წლის განმავლობაში, პროექტის საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სააგენტოებისთვის (სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი“ და სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი") გაწეული ტექნიკური დახმარება, ქვეყანაში ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების სისტემის განვითარების მიზნით.

2015-2018 წლებში, პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში გაწეული ტექნიკური დახმარება მოიცავდა:

კერძო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობა პროფესიულ განათლებაში, რის შედეგადაც 2015 წელს შეიქმნა საჯარო-კერძო პარტნიორობის კონცეფცია პროფესიული განათლებისთვის. შეიქმნა დარგობრივი საბჭოების მდგრადი  განვითარების კონცეფცია და სამოქმედო გეგმა.

პროფესიული განათლების ხარისხისა და იმიჯის გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის დახმარება გაეწია განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩო დოკუმენტის დასრულების მიზნით.

სწავლა სიცოცხლის მანძილზე და ზრდასრულთა განათლება: დახმარება გაეწია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და პროფესიულ სასწავლებლებს პროფესიული პროგრამების მესამე საფეხურზე არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმის შემუშავებაში.

ჩვენი საქმიანობის ერთ–ერთი მიზანი პროფესიული განათლების მხარდაჭერაა და ამ ჭრილში ძალიან მნიშვნელოვანია ის ტექნიკური დახმარება, რომელიც გაეწია ამ სფეროში პოლიტიკაზე მომუშავეებს. ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, საერთაშორისო ექსეპერტების დახმარებით, შეიმუშავა პროფესიულ განათლებაში კერძო–საჯარო სექტორის  თანამშრომლობის პოლიტიკა და სტრატეგია. საბოლოო ჯამში, ტექნიკური დახმარების შედეგად, პროფესიული განათლების ახალი კანონმდებლობის შექმნა, ავტორიზაციის არა-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი შემუშავდა და გაიზარდა კერძო სექტორის ჩართულობა დასაქმების სფეროში.  – განაცხადა მაგდა მაღრაძემ, "ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა.

აუდიტორიას სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ჯენერ ედელმანმა.

პროექტის „პროფესიული განთლება ეკონომიკის გაძლიერებისთვის“ ტექნიკური დახმარების კომპონენტის მთავარი მიზანი ქვეყანაში დასაქმების ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების სისტემის განვითარებაა.