geo eng
„სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“

2018-05-05

5 მაისს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით  გაიმართა კონფერენცია - „სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“.

კონფერენცია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა“ (MCA) და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ (MCC) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა და მისი მიზანი იყო სწავლა-სწავლებაში არსებული პოზიტიური ტენდენციებისა თუ გამოწვევების შესახებ საზოგადოებისა და განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელთა ინფორმირება. კონფერენცია მეორედ გაიმართა. პირველ კონფერენციაზე ძირითადი აქცენტი მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა-სწავლებაზე გაკეთდა. მეორედ ამ დისციპლინების გარდა, საერთაშორისო და სახელმწიფო შეფასების შედეგებზე დაყრდნობით განიხილა შემდეგი საკითხები: როგორია 9-10 წლის მოზარდთა წიგნიერების დონე და მიღწევების დინამიკა 2006-2016 წლებში, როგორ ახერხებენ მოსწავლეები ინტერნეტში მოცემული ინფორმაციის გაგებას და გააზრებას, რა ცოდნასა და რა შედეგს აღწევენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ქართული ენის შესწავლაში, როგორია მათი მიღწევები სხვა საგნებში.

კონფერენციის ფარგლებში გაანალიზდა საგანმანათლებლო სისტემაში არსებული პოლიტიკისა და პრაქტიკის გავლენა მოსწავლეთა მიღწევებზე. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასებების შედეგები მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში, ქართული, როგორც მეორე ენისა და წიგნიერების მიმართულებით. 

სასკოლო განათლებაში არსებული ვითარების შესაფასებლად ქვეყნები სახელმწიფო და საერთაშორისო კვლევების შედეგებს იყენებენ. სახელმწიფო შეფასება ეროვნული მასშტაბით არსებული სურათის შესწავლაზეა ორიენტირებული, ხოლო საერთაშორისო კვლევები ქვეყნის შედეგების გლობალურ კონტექსტში შეფასების საშუალებას გვაძლევს. საერთაშორისო და სახელმწიფო შეფასებები საქართველოში რეგულარულად ტარდება და მათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.