geo eng
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო აცხადებს კამპანიას #მოვუაროთსკოლას

2018-05-10

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო აცხადებს კამპანიას #მოვუაროთსკოლას ფონდის მიერ რეაბილიტირებული საჯარო სკოლებისთვის საქართველოს რეგიონებში. პროექტის მეგობარია კომპანია ჯეოსელი.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს კამპანიის #მოვუაროთსკოლას მიზანია, საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის შემუშავებული პოლიტიკის განხორციელების წახალისება. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსწავლეების, მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციის და ადგილობრივი თემის ცნობიერების ამაღლებას და სკოლის მოვლის საკითხში პასუხისმგებლობის გაზიარებას.

კამპანიის ფარგლებში გამოვლინდება სამი საუკეთესო საჯარო სკოლა, რომელიც შეიმუშავებს და განახორციელებს სკოლის მოვლის (სკოლის შენობა და ეზო) გრძელვადიან, თანმიმდევრულ გეგმას/კონცეფციას. კამპანია ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ რეაბილიტირებულმა საჯარო სკოლამ უნდა წარადგინოს შევსებული განაცხადის ფორმა, სადაც აღწერს დაგეგმილ აქტივობებს და სკოლის მოვლის კონცეფციას. მეორე ეტაპზე, სკოლამ უნდა განახორციელოს წარმოდგენილი გეგმა/კონცეფცია და მიიწვიოს კომისია განხორციელებული აქტივობების შესაფასებლად. გამარჯვებული სკოლები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.  

კამპანია #მოვუაროთსკოლას ემსახურება მსოფლიოში აპრობირებული მიდგომის, მოსწავლეების, პერსონალისა და თემის მიერ საკუთარ სკოლაზე ზრუნვის, დანერგვას საქართველოში. კამპანიის მიზანია სკოლაზე ზრუნვის, მისი დასუფთავების, მოწესრიგების და მოვლის პასუხისმგელობის გაზიარება და ამ მიმართულებით, საქართველოში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გავრცობა-პოპულარიზაცია.