geo eng
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დასავლეთ საქართველოს სკოლებში 15 მილიონი აშშ დოლარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

2018-07-27

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა გენადი მარგველაშვილმა, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და სოფელი ინჩხურის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებმა ქუთაისის 5-ე და 33-ე, ასევე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში, ქუთაისში, სრული რეაბილიტაცია 8 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. მთლიანად, იმერეთის რეგიონში 17 საჯარო სკოლას უტარდება სრული რეაბილიტაცია - სამეგრელოში კი შვიდს.

„დასავლეთ საქართველოს 30 სკოლის სრული რეაბილიტაციისთვის ჩვენ 15 მილიონი ამერიკული დოლარი გვაქვს გამოყოფილი. რეაბილიტაცია აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. საჯარო სკოლები სრულად განახლდება და შეიცვლება ინფრასტრუქტურა. სკოლები აღიჭურვება ახალი ლაბორატორიებითა და კაბინეტებით. ასობით მოსწავლე მომავალ სასწავლო წელს განახლებულ სკოლებში ისწავლის,“ - აღნიშნა მაგდა მაღრაძემ.

მთლიანობაში, 2018 წელს დასავლეთ საქართველოში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 30 საჯარო სკოლას, რის შედეგადაც სასწავლო გარემო გაუმჯობესდება 15,200 მოსწავლისათვის. დასავლეთ საქართველოში საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 15 მილიონ აშშ დოლარს. საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების შედეგად, დასავლეთ საქართველოში დასაქმდება 1500-მდე მოქალაქე, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას მათთვის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამშენებლო და სარეაბილიტაციო გამოცდილების გაზიარებასა და დამკვიდრებას.

დღემდე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 44 საჯარო სკოლას მცხეთა-თიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლის, კახეთის რეგიონებში. მიმდინარეობს 17 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში.  ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ჯამში საქართველოს რეგიონებში 91 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას და ლაბორატორიებით აღჭურვას ახორციელებს. 

საჯარო სკოლების რეაბილიტაციას აფინანსებს აშშ-ის მთავრობა, 2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (MCC) და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონიანი აშშ დოლარის მეორე კომპაქტის/გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში.  ჯამში საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის კომპაქტიდან 54 მილიონ აშშ დოლარზე მეტი თანხაა გამოყოფილი.  კომპაქტის მიზანია საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარება, სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.