geo eng
აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი სინტია ჰუგერი საქართველოს პრემიერს მამუკა ბახტაძეს შეხვდა

2018-08-22

საქართველოს მთავრობის მიერ განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმები, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში განხორციელებული წარმატებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტ სინტია ჰუგერის დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემები.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა, რომელიც ამ რანგში პირველი საერთაშორისო ვიზიტით საქართველოში იმყოფება, აღნიშნა, რომ საქართველო არის კორპორაციის ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორი და მისასალმებელია, რომ გამოყოფილი დაფინანსება მიზანმიმართულად, საგანმანათლებლო პროექტებზე იხარჯება. ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობაზე და საქართველოს პოტენციალზე, გახდეს რეგიონის ლიდერი განათლების მიმართულებით.

პრემიერ-მინისტრმა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისთვის, რომელთა მეშვეობით ქართველმა ახალგაზრდებმა მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება შეიძინეს. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის კომპაქტი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის უმსხვილესი ინვესტიცია ქვეყნის განათლების სისტემის გაძლიერებაში. ხაზი გაესვა ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოსთან წარმატებულ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ სექტემბერში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციიდან საქართველოში მაღალი დონის დელეგაციის ვიზიტი იგეგმება, რაც ხელს შეუწყობს პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარებას. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ახორციელებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების პროექტებს, რაც ხელს უწყობს ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო სექტორებში. კომპაქტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია უტარდება საჯარო სკოლებს რეგიონებში, მიმდინარეობს მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა, დაიწყო ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და საქართველოში შემოვიდა აშშ-ის სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც აშშ-ში აკრედიტებულ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს საქართველოში, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკისთვის პრიორიტეტულ დარგებში ადამიანური კაპიტალის განვითარებას.