geo eng
მეცნიერების ტექნოლოგიების საინჟინრო და მათემატიკის საგანმანათლებლო პროგრამებში და პროფესიებში მონაწილეობის ბარიერებისა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნების კვლევის შედეგების პრეზენტაცია

2014-02-04

2014 წლის 4 თებერვალს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველომ, კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტთან (IPM-Research) თანამშრომლობით, „მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის (STEM) საგანმანათლებლო პროგრამებში და პროფესიებში მონაწილეობის ბარიერებისა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნების კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული კვლევა დაიწყო 2013 წლის ივლისში და მონაცემების მოპოვება და დამუშავება ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კვლევა გვიჩვენებს, რომ განათლების მიღების განმავლობაში, რომელიც სკოლიდან იწყება, ვითარდება და აღწევს დასაქმების ეტაპს, გოგონების აკადემიური მოსწრება და მიღწევები STEM-ის საგნებში, მინიმუმ უტოლდება, ან უსწრებს ბიჭების აკადემიურ მოსწრებას და მიღწევებს. თუმცა, საბოლოო ჯამში, ბიჭებთან შედარებით, უფრო ნაკლები გოგონა აგრძელებს კარიერას STEM პროფესიებში.

„ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევა გვიჩვენებს, რომ საქართველოში მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებში, გოგონები და ქალები მაღალ მოსწრებას აჩვენებენ განათლების მიღების დროს, თუმცა, სამწუხაროდ, სულ უფრო ნაკლები ქალია დასაქმებული ამ პროფესიებით, რაშიც, სკოლა, ოჯახები და საზოგადოება საკმაოდ ნეგატიურ როლს თამაშობს. შესაბამისად, ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომ ქალი ნაკლებად წარმატებული შეიძლება იყოს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნიკურ სპეციალობებში “ აღნიშნა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კვლევა გვეხმარება განვსაზღვროთ პრაქტიკული გზები იმისა, თუ როგორ შეუძლია ოჯახს, სკოლასა და საზოგადოებას შექმნან, ამ მოთხოვნად სფეროებში, ქალების შესაძლებლობების ნეგატიური სტერეოტიპების დანგრევისთვის საჭირო ხელსაყრელი გარემო. აუცილებელი ხდება ხელი შევუწყოთ გოგონების ინტერესების მოტივაციას, რათა მათ განუვითარდეთ რწმენა საკუთარ თავში და მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლის უნარებში.

„აღნიშნული კვლევის შედეგებს აუცილებლად გამოვიყენებთ. ეს მნივნელოვანია განათლების სპეციალისტებისათვისა და პოლიტიკის შემქმნელებისათვის. უკვე შეიძლება დაიდოს მექანიზმები, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ქალების ჩართულობას მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში და მათემატიკის შემსწავლელ დარგებში“ აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა ინტერვიუს დროს.

ქვეყანაში სამუშაო ძალის განვითარება საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი ფაქტორია. აღნიშნული მიზნის მისაღწევად აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტი საქართველოსთვის განახორციელებს სტრატეგიულ ინვესტირებას როგორც ზოგადი, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების პროგრამების განვითარებისათვის. მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება ქალებისა და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობაზე STEM საგანმანათლებლო პროგრამებსა და პროფესიებში.

კვლევის შესახებ პრეზენტაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

რა სირთულეებს აწყდებიან გოგონები საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის შემსწავლელ პროგრამებში მონაწილეობისას.

რა სირთულეებს აწყდებიან სოციალურად არათნაბარ პირობებში მყოფი მოსწავლეები და სტუდენტები საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის შემსწავლელ პროგრამებში მონაწილეობისას.

შრომის ბაზრის მოთხოვნა STEM სპეციალობებზე.

პრეზენტაციის ვიდეო და ფოტოები