geo eng
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი სინტია ჰუგერი იმყოფებოდა

2018-08-24

21-24 აგვისტოს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე პრეზიდენტი სინტია ჰუგერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. ის ქვეყანაში მიმდინარე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის შედეგებს გაეცნო.

სინტია ჰუგერი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაურს, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს მთავრობის მიერ განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმებზე,  ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში განხორციელებულ წარმატებულ პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა, რომელიც ამ რანგში პირველი საერთაშორისო ვიზიტით საქართველოში იმყოფებობა,  აღნიშნა, რომ საქართველო  კორპორაციის ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორია და მისასალმებელია, რომ გამოყოფილი დაფინანსება მიზანმიმართულად, საგანმანათლებლო პროექტებზე იხარჯება.

სინტია ჰუგერმა ვიზიტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც მოინახულა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა სინტია ჰუგერმაუნივერისიტეტის რექტორთან გიორგი შარვაშიძესთან, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს აღმასრულებელ დირექტორთან მაგდა მაღრაძესთან ერთად ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ დაფინანსებული სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები დაათვალიერეს. ლაბორატორიები  ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს კომპაქტის ფარგლებში თსუ-ში სან დიეგოს (აშშ) უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის 2017 წელს გაიხსნა. 

სინტია ჰუგერი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსაც ეწვია. ვიცე-პრეზიდენტი ჰუგერი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, შემდეგ, კი დაათვალიერა ილიაუნისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 4,750 კვადრატული მეტრის ახალი საგანმანათლებლო შენობა, რომლის მოწყობაც 2018 წლის ბოლოს დასრულდება. კორპუსი უახლესი ტექნოლოგიებითა და ლაბორატორიებით იქნება აღჭურვილი.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის ვიცე-პრეზიდენტი სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს ეწვია, სადაც მას საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ უმასპინძლა. ჰუგერმა კოლეჯის ახლადრეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა და პედაგოგებსა და სტუდენტებს შეხვდა. ქალბატონმა ჰუგერმა აღნიშნა, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ქვეყნის განათლების სისტემის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის "პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში დაფინანსებულ პროექტს წარმოადგენს.

ვიზიტის დასასრულს, სინტია ჰუგერი გოგონების საერთაშორისო ბანაკის „ქალები მეცნიერებაში“ დახურვის ცერემონიას დაესწრო, რომელიც  ქალაქ თბილისის საკრებულოს ღონისძიებათა დარბაზში გაიმართა. ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი სინტია ჰუგერი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელისაბედ რუდი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური პარტნიორობის ოფისისა და გაეროს ფონდის პროგრამა „Girl Up-ის“ ერთობლივი ინიციატივით წელს, პირველად, საქართველოში, გოგონების საერთაშორისო ბანაკი „ქალები მეცნიერებაში“ (WiSci Georgia) ჩატარდა.  პროექტი დააფინანსეს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას, აშშ-ის საელჩოს საქართველოში და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა: Intel, Google, Microsoft და მიკრობიოლოგიის ამერიკული ასოციაცია.

აღსანიშნავია, რომ სექტემბერში იგეგმება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაღმავებას.