geo eng
მამუკა ბახტაძე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

2018-09-25

"ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას შესანიშნავს უწოდებს და მეორე კომპაქტის წარმატებით განხორციელების პროცესს მიესალმება", - ამის შესახებ კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ბროკ ბირმანმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მამუკა ბახტაძესა და ბირმანს შორის შეხვედრაზე აღინიშნა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის მიზნების სრული თანხვედრა განათლების რეფორმირების საკითხში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხედვასთან დაკავშირებით.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ მომდევნო წელს კომპაქტის დასრულების საკითხი და საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის პოტენციალის ზრდაზე ზრუნვა, რაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საშუალებით და პროექტის დახურვის შემდეგ, მდგრადობაზე მუშაობით გაგრძელდება. საქართველოს მთავრობასთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაკავშირებს. ჩვენ ცხადად გვაქვს გაცნობიერებული საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის მნიშვნელობა”, - განაცხადა ბროკ ბირმანმა.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში ხორციელდება ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების პროექტები, რაც ხელს უწყობს ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო სექტორებში. კომპაქტის ფარგლებში, საჯარო სკოლების სრულ რეაბილიტაციასთან ერთად, მიმდინარეობს მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა, დაიწყო ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და ქვეყანაში შემოვიდა აშშ-ის სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც აშშ-ში აკრედიტებულ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს საქართველოში, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკისთვის პრიორიტეტულ დარგებში ადამიანური კაპიტალის განვითარებას. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს პროგრამებზე ამჟამად ჯამში 550 სტუდენტი სწავლობს, პირველი კურსდამთავრებულები კი პროგრამას 2019 წელს ეყოლება.