geo eng
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებითა და თამარ ტალიაშვილის ინიციატივით თბილისის საკრებულოში დონორ ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა

2018-10-24

 ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით და თბილისის საკრებულოს მასპინძლობით საქართველოში მომუშავე 30-მდე მსხვილ დონორ ორგანიზაციასთან საკოორდინაციო ფორუმი გაიმართა. “თბილისის საგანმანათლებლო პრიორიტეტები და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა’’ ამ სახელწოდების შეხვედრაზე მხარეებმა განათლების სფეროში მხარდაჭერის გაძლიერებაზე იმსჯელეს.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, თბილისის საკრებულოს შეხვედრის ინიცირებისთვის მადლობა გადაუხადა და შეხვედრის მონაწილეებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტები გაუზიარა.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა ახალი პროგრამები შეიძლება შემუშავდეს და დაინერგოს განათლების სფეროში, რაც ხელს შეუწყობს თბილისის საგანმანათლებლო პრიორიტეტების განხორციელებას.“ - აღნიშნა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ.

მოწვეულ სტუმრებს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე მიესალმა და  საქართველოში განხორციელებული პროექტების, მათ შორის,  განათლების სფეროში გაწეული კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა. მისასალმებელი სიტყვით წარსდგა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, თამარ ტალიაშვილიც, რომელმაც თავის გამოსვლაში განათლების პოლიტიკასა და სტრატეგიულ ხედვებზე გააკეთა აქცენტი. ღონისძიებას ასევე თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავაც ესწრებოდა, რომელმაც განათლებაში მუნიციპალური პროგრამების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა.

„ 21-ე საუკუნეში მნიშვნელოვანია თანამედროვე გამოწვევებს ვუპასუხოთ ძლიერი საგანმანათლებლო სისტემით, რაშიც მუნიციპალიტეტის, კონკრეტულად თბილისის როლი საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვანია“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, თამარ ტალიაშვილმა.

მოწვეულმა დონორმა ორგანიზაციებმა, საქართველოში  განათლების  სფეროში მიმდინარე პროექტებზე და პრიორიტეტებზე პრეზენტაციები წარმოადგინეს. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.