geo eng
გერმანული დუალური პროფესიული განათლების ეფექტიანობა - რა შეიძლება დავნერგოთ საქართველოში

2019-03-05

„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018“ წლის გამარჯვებულები ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეები თავიანთ სპეციალობებში ევროპულ გამოცდილებას გაეცნენ და  ქალაქ კიოლნში, ევროპის ერთერთ უმსხვილეს საგანმანათლებლო გამოფენას - Didacta-ს ესტუმრნენ. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 800-მდე გერმანული და ევროპული კომპანია საგანმანათლებლო სფეროში, რომლებიც ქმნიან თანამედროვე სასწავლო აღჭურვილობას, ლაბორატორიებს და მასალებს. ყოველწლიურად გამოფენას 100,000-მდე დამთვალიერებელი სტუმრობს, რომლებსაც ერთი კვირის განმავლობაში შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ თანამედროვე ტენდენციებს საგანმანათლებლო სფეროში და დაესწრონ 1,000-მდე სემინარს.

გერმანიაში სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ გერმანული რკინიგზის - Deutsche Bahn AG სასწავლო ტრენინგ-ცენტრსა და აკადემიას, სადაც შეხვედრაზე მათ წარუდგინეს გერმანული კომპანიის გამოცდილება ახალი კადრების თეორიული და პრაქტიკული სწავლების შესახებ. მონაწილეები ასევე ესტუმრნენ ობერჰაუზენის პროფესიულ კოლეჯს, Hans-Sachs-Berufskolleg. დაათვალიერეს სასწავლო დაწესებულების ინფრასტრუქტურა და დუალური და პროფესიული განათლების სხვადასხვა დონეს გაეცნენ.

მონაწილეებს კომპანია Festo-ში სტუმრობის შესაძლებლობაც ჰქონდათ, რომელიც ინდუსტრიული ტექნოლოგიების წარმოებაში ერთ-ერთ წამყვან კომპანიად ითვლება მსოფლიო მასშტაბით. მონაწილეებმა დაათვალიერეს Festo- ს სატრენინგო ცენტრი, გაეცნენ შეგირდობის მომზადების პროცესს და მოინახულეს კომპანიის ერთ-ერთი უახლესი საწარმო, სადაც წარმოების პროცესი ‘ინდუსტრია 4.0’ (Industry 4.0) თაობის ტექნოლოგიებით წარიმართება.

სასწავლო ტურის მონაწილე, „საქართველოს რკინიგზის“ ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ნინო ჩხაიძე,  აღნიშნავს, რომ დუალური სწავლება საქართველოსთვის ძალიან ახალია, ამიტომ სფეროს წარმომადგენლებისთვის გერმანული გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს რკინიგზა „წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორის“ კატეგორიაში გახდა კონკურსის გამარჯვებული.

„დუალური სწავლების მეთოდი და ფორმა, რომელიც იქ ვნახეთ, იყო სიახლე. ჩემთვის როგორც დამსაქმებლისთვის, ძალიან ნიშანდობლივია, თუ როგორ იღებენ სასწავლო პროცესში მონაწილეობას დამსაქმებლები. გერმანიაში იმთავითვე ხდება შეგირდის ინტეგრირება სამუშაო სივრცესთან, სადაც ეს პირი მომავალში დაიწყებს მუშაობას. ეს ქართული რეალობისთვის სიახლეა. ჩვენ უკვე პირველი სტუდენტები გვყავს და ახლა ვაპირებთ სწორედ ამ სისტემის დანერგვას. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება კი ამის განხორციელებაში დაგვეხმარება, “- აღნიშნავს ნინო ჩხაიძე.

სასწავლო ტურის კიდევ ერთი მონაწილე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრის პედაგოგი ია მოსაშვილი, რომელიც „წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის“ კატეგორიაში კონკურსის გამარჯვებულია, ამბობს, რომ გამოცდების შეფასების სქემა, რომელსაც სავაჭრო პალატა ახორციელებს, საინტერესო სიახლეა. მანჰაიმის სავაჭრო პალატას მონაწილეები სასწავლო ვიზიტის ბოლოს  ესტუმრნენ (Chamber of Commerce and Industry of Manheim), გაეცნენ სავაჭრო პალატის როლს, მნიშვნელობასა და პასუხისმგებლობებს დუალური განათლების პროცესში.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის გერმანიის სავაჭრო პალატასთან შეხვედრა იყო. ვისურვებდი, შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, საქართველოში შეფასების სისტემის მათი მოდელი დაინერგოს. შეფასების პროცესში სასწავლებლები არ მონაწილეობენ და შეფასების ინსტრუმენტი დამსაქმებლების მიერ არის შედგენილი. შესაბამისად, ეს განაპირობებს აბსოლუტურ მიუკერძოებლობას. ამაზე შეიძლება ჩვენც ვიფიქროთ, ყოველ შემთხვევაში, ეს ნამდვილად კარგი გამოცდილებაა,“- ამბობს ია მოსაშვილი.

სასწავლო ტურში ია მოსაშვილთან და ნინო ჩხაიძესთან ერად მონაწილეობდნენ ასევე, თამარ გოგრიჭიანი  „წლის პროფესიული განათლების სტუდენტის“ კატეგორიაში გამარჯვებული კოლეჯ „იკაროსიდან“ და ნონა ღუდუშაური, კოლეჯ „მერმისის“ დირექტორი, რომელიც „წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების“ კატეგორიაში გახდა გამარჯვებული.

კონკურსი „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018“, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, მეორედ ჩატარდა 2018 წლის ნოემბერში. კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების წახალისება დამსაქმებლებსა და სტუდენტებში. კონკურსის მთავარი სპონსორი გუდავაძე - პატარკაციშვილის ფონდია.