geo eng
პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქუთაისის ახლადრეაბილიტირებული 33-ე საჯარო სკოლა დაათვალიერა

2019-05-21

,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, ქუთაისში ახლადრეაბილიტირებული 33-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა, რის შედეგადაც, 600-მდე მოსწავლეს გაუუმჯობესდა სასწავლო გარემო. საქართველოსა და აშშ-ის მთავრობების ერთობლივი ძალისხმევით, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში აღნიშნული სკოლის სასწავლო ინფრასტრუქტურა სრულად რეაბილიტირდა და აღიჭურვა თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიით.

შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ჯეფ რენომ.

ფონდი საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო პროექტს აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტით/გრანტით ახორციელებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, განათლების რეფორმაში, რომელიც მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, საქართველოს მასშტაბით სასწავლო ინფრასტრუქტურის განვითარება ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. მთავრობის მეთაურმა ამ პროცესში გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის აშშ-ის მთავრობას და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას მადლობა გადაუხადა. 

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონებში 78 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა განხორციელდა, რომელთაგან 8 სკოლა ქუთაისში მდებარეობს.

,,დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეწვია ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლას. ეს გახლავთ 6,400 კვადრატული მეტრის საკმაოდ დიდი სკოლა, რომელიც გათვლილია 1,200 მოსწავლეზე. სრული რეაბილიტაციის დასრულება მოხდა მარტში. სექტემბრიდან უკვე მოსწავლეები შემოვლენ ახალ სკოლაში. ასევე, დამატებით მიმდინარეობს 17 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია იმერეთის რეგიონში. ჯამში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ საქართველოში რეაბილიტირდება 91 საჯარო სკოლა“, - განაცხადა მაგდა მაღრაძემ.

სკოლების რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა განათლების მეცნიერების და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა. ,,განათლების რეფორმის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის ინფრასტრუქტურის განახლება. ჩვენი პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მხარდამჭერია ამერიკის ათასწლეულის გამოწვევის ფონდი. ჯამში, 40,000-მდე მოსწავლე სექტემბრიდან ისწავლის განახლებულ ინფრასტრუქტურაში, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია რეფორმების განხორციელებისათვის“- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ამჟამად მიმდინარეობს 13 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, რაც ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება. ჯამში, 91 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის შედეგად, სასწავლო გარემო 40 ათასამდე მოსწავლეს გაუუმჯობესდა. პროექტის ბიუჯეტი 55 მილიონი აშშ დოლარია.