geo eng
საქართველოში აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა პირველი გამოსაშვები ცერემონია გაიმართა

2019-06-04

საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა პირველი გამოსაშვები ცერემონია გაიმართა. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტი დოქტორი ადელა დე ლა ტორე, ამერიკელი პროფესორების დელეგაცია და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი ენტონი უელჩერი საქართველოს სპეციალურად ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ესტუმრნენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი.

კურსდამთავრებულებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ საერთაშორისოდ აკრედიტებული ამერიკული საბაკალავრო დიპლომი კომპიუტერული ინჟინერიის, ელექტრული ინჟინერიისა და ქიმია/ბიოქიმიის დარგებში.

როგორც პრეზიდენტმა ადელა დე ლა ტორემ აღნიშნა, ცერემონია მისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა: ,,საქართველოში ეს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და საინჟინრო პროგრამების სტუდენტების პირველი გამოშვებაა. მჯერა, რომ ბევრი მათგანი კარიერას აღნიშნულ სფეროში წარმატებით განაგრძობს, ხელს შეუწყობს საქართველოს კონკურენტუნარიანობის გაზრდას, საინჟინრო და ტექნოლოგიური სექტორის განვითარებას“.

აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში 2015 წლიდან ხორციელდება მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამები საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის მიზანია საქართველოში მაღალკვალიფიციური STEM ადამიანური კაპიტალის მომზადება. „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში სწრაფად გახდა ქვეყნის ყველზე პრესტიჟული უნივერსიტეტი  საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო დარგებში. ჩვენ ვამაყობთ დღევანდელი კურსდამთავრებულების წარმატებით და გვჯერა, რომ ისინი საქართველოს მომავალი ლიდერები გახდებიან,“ - აღნიშნა ათასწლეული გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა ენტონი უელჩერმა.

აღსანიშნავია, რომ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 2019 წლის კურსდამთავრებულთა 40%-მა უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა, რაც მაღალი მაჩვენებელია. კურსდამთავრებულებსა და ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა საქართველოში, ქვეყნიდან გაუსვლელად, ამერიკული განათლების მიღების შესაძლებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ განათლებაში გახორციელებული ინვესტიცია გადამწყვეტ როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში: ,,სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკული საბაკალავრო პროგრამების განხორციელება ჩვენი ქვეყანის ეკონომიკაში ჩადებული და მომავალზე გათვლილი სოლიდური ინვესტიციაა. ახლა მთავარია სათანადო ცოდნით აღჭურვილ ახალგაზრდებს მივცეთ ყველა შესაძლებლობა, რათა შეძლონ საკუთარი რესურსების რეალიზება“.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უნივერსიტეტის პირველმა კურსდამთავრებულებმა შეიძინეს ყველა ის საჭირო უნარი და ცოდნა, რომელთა მეშვეობით ისინი საკუთარ წვლილს შეიტანენ საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და გლობალური გამოწვევების ინოვაციური მიდგომებით გადაჭრაში. “ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ამერიკისა და საქართველოს მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განახორციელა სასწავლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და თანამედროვე ლაბორატორიებით აღჭურვა. შესაბამისად, სტუდენტებს მივეცით შესაძლებლობა, რომ ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ უმაღლესი ხარისხის ამერიკული განათლება“ – აღნიშნა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) ასწლიანი ისტორიის მქონე ამერიკული უნივერსიტეტია. ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია კალიფორნიაში.

ლიდერობა იწყება აქ!