geo eng
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის $140 მილიონი გრანტის შედეგები

2019-06-24

აშშ-სა და საქართველოს მთავრობებს შორის ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულების - ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის დაფინანსებით ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 2014-2019 წლებში განახორციელა პროექტები, რამაც ხელი შეუწყო საქართველოში საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური STEM პროფესიებისა და განათლების განვითარებას. განხორციელებული პროექტები და ინვესტიციები მნიშვნელოვანია ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის შექმნისთვის, რაც უმუშევრობის დაძლევას, სიღარიბის შემცირებას და საქართველოს ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს.

„ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი - ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტია, რომელიც 2014-2019 წლებში განხორციელდა საქართველოში.  კომპაქტი 140 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას გულისხმობდა გრანტის სახით საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის. განათლებაში ჩადებული ინვესტიციები ყველაზე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის წინსვლისთვის. დღეს აშშ-სთან პარტნიორობას განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“  - განაცხადა 2019 წლის 21 ივნისს გამართულ კომპაქტის შედეგების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

„განათლება ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ბევრს ვაკეთებთ ამ მიმართულებით, რადგან საქართველოს სურს რომ გაუმჯობესდეს მდგომარეობა სწორედ განათლების კუთხით. კომპაქტის ფარგლებში 91 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა, სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 39 ათასი საქართველოს მოსწავლისთვის, 20 ათასზე მეტმა განმანათლებელმა გაიარა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი კურსი, 51 ახალი პროფესიული განათლების პროგრამა შემუშავდა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებულები გვყავს უკვე წელს. საქართველოში განხორციელებული კომპაქტი საუკეთესოა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ისტორიაში“, - აღნიშნა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ხელმძღვანელმა სინტია ჰუგერმა, კომპაქტის შედეგების პრეზენტაციის დროს, რომელიც თბილისში 2019 წლის 21 ივნისს გაიმართა.

ამავე ღონისძიებაზე აშშ-ის საელჩოს სახელით ნიკოლას ბელრინერმა განაცხადა: „დღეს ჩვენ $140 მილიონიანი პროექტის შედეგებს ვაჯამებთ, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ განახორციელა განათლების სფეროში. ეს ჩვენი ინვესტიციაა საქართველოს მომავალში, საქართველოს განვითარებასა და ქართველ ხალხში, რომ ქვეყანა კიდევ უფრო წარმატებული და ძლიერი გახდეს“.

კომპაქტის შესახებ პრეზენტაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის $140 მილიონი გრანტის   შედეგების პრეზენტაცია.

კომპაქტის შედეგების დეტალური ანგარიში იხილეთ შემდეგ ბმულზე:

2014-2019 წლებში საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის განხორციელების ანგარიში