geo eng
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი სასწავლო ვიზიტით NASA-ს ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში იმყოფებოდა

2019-07-31

2018-2019 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი ობერტონი აშშ-ში იმყოფებოდა, სადაც 22-26 ივლისს მონაწილეობა მიიღო NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში.

ჰიუსტონში გამგზავრებამდე გიორგი რიგიშვილი, მარიამ გამრეკელაშვილი, სოფო ჩიხლაძე, იონა იობიძე და ალექსანდრე ქაჯაია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიწვევით ვაშინგტონში იმყოფებოდნენ. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ორგანიზებით ვაშინგტონში გაიმართა პანელური დისკუსია საქართველოში ახალგაზრდების და გოგონების შესაძლებლობების შესახებ.

გამარჯვებულებს, ასევე, უმასპინძლა აშშ-ში საქართველოს საელჩომ, სადაც გაიმართა მიღება ქართველი მოსწავლეების წარმატებების აღსანიშნად. მიღებას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე პრეზიდენტი კარენ სეშენსი და სხვა მოწვეული სტუმრები.

22-26 ივლისს გუნდ „ობერტონის“ წევრებმა მონაწილეობა მიიღეს NASA ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრის უნივერსიტეტის ერთკვირიან სასწავლო პროგრამაში. NASA-ში მოსწავლეებმა გაიარეს ასტრონავტების წვრთნის სიმულაციური პროგრამა; დაეუფლნენ წყალქვეშ ყვინთვას; ააწყვეს, დააპროგრამეს და გამოსცადეს რობოტები და რაკეტები და შექმნეს მარსის ჰაბიტატი. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ნასას საგამოფენო სივრცეები, ნახეს რაკეტა Saturn V, შატლი Independence, მარსის როვერები და ასტრონავრების საწვრთნელი აუზი. ასევე, ესტუმრნენ ისეთ ადგილებს, რომელიც დახურულია ვიზიტორებისთვის. პროგრამის ფარგლებში, გუნდ ობერტონის წევრები შეხვდნენ ასტრონავტ მაიკლ ფორმენს. ფორმენს NASA-ს ორ კოსმოსურ მისიაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ასტრონავტი ესაუბრა მოსწავლეებს თავისი გამოცდილების შესახებ და გაუზიარა რჩევები და რეკომენდაციები.

NASA-ს სასწავლო პროგრამის დასასრულს გაიმართა მონაწილეების დაჯილდოების ღონისძიება. აღსანიშნავია, რომ კვირის მანძილზე შესრულებული დავალებებით ქართველი მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა პირველი და მეორე ადგილი დაიკავეს.