geo eng
ქართველი მოსწავლეები სტენფორდის უნივერსიტეტში ID Tech-ის რობოტიკის ბანაკში იმყოფებოდნენ

2019-08-06

2018-2019 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში მეორე ადგილზე გასული გუნდი Motion 28 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით კალიფორნიაში იმყოფებოდა.

ვლ.კომაროვის #199 საჯარო სკოლის მოსწავლეები ლელა ხოხიაშვილი, ნიკოლოზ სვანიძე, იაკობ რიგვავა და გიორგი ჩხაიძე ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობას იღებდნენ ID Tech-ის რობოტიკის ბანაკში, სტენფორდის უნივერსიტეტში, სილიკონის ველზე.

ID Tech მსოფლიოს #1 STEM ბანაკების ქსელია, სადაც, წელს პირველად მონაწილეობდნენ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები საქართველოდან. ბანაკის ფარგლებში მოსწავლეები ჩართული იყვნენ ისეთი აქტივობებში, როგორებიცაა: კოზმოსა და ლეგოს  საშუალებით ხელოვნური ინტელექტის, რობოტექნიკისა და პითონის კოდირება; მაინკრაფტის საშუალებით თამაშის დიზაინის შექმნა; Youtube-ის ვიდეოს შექმნა გეიმქასთინგითა და სპეციალური ეფექტებით და ა.შ

პროგრამის ფარგლებში, ქართველმა მოსწავლეებმა უცხოელ თანატოლებთან ერთად კოდირების ენის, VEX C++-ის გამოყენებით გუნდურად ააწყვეს და გამოსცადეს კომპლექსური, მომავალი თაობის რობოტები, რომელსაც მრავალი გამოწვევის გადალახვა შეუძლია, მათ შორის: ლაბირითებში ნავიგაცია, რობოტის მიერ სხვადასხვა ნივთების თავმოყრა და გადაადგილება და სხვა. პროგრამის ბოლოს მოსწავლეებს ID Tech დიპლომები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ ID Tech ბანაკში გუნდმა მონაწილეობის მიღება სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ფინანსური მხარდაჭერით შეძლო. ყოველწლიურად, სააგენტო მხარს უჭერს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტებს და გამარჯვებულებს, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში და განავითარონ საკუთარი გამოგონებები.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ აშშ-ის საელჩოს (US Embassy Tbilisi, Georgia) ფინანსური მხარდაჭერით და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და NASA-ს კოსმოსურ ცენტრთან  თანამშრომლობით. წელს, კონკურსის პარტნიორები არიან თიბისი და სილქნეტი“, - აცხადებენ „ათასწლეული გამოწვევის ფონდში“.