geo eng
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული ზუგდიდის N4 საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა

2019-09-30

2019 წლის, 26 სექტემბერს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა  ზუგდიდის N4 საჯარო სკოლა საზეიმოდ გახსნა. ღონისძიებას დაესწრნენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გაწერელია. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ზუგდიდის საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ 91 სკოლას შორის, რომელსაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) დაფინანსებით (გრანტით). შედეგად, ზუგდიდის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 1,170 მოსწავლისთვის და რეაბილიტირდა 4,000 კვ/მ ფართობი.

 „ჯამში, სამეგრელოში გაიხსნა 7 ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა, რომელიც დააფინანსა ამერიკის შეერთებული შტატების, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ ზოგადი განათლების პროექტის ფარგლებში. სრულად რეაბილიტირებული სკოლები საშუალებას აძლევს მოსწავლეებს სწავლა-განათლება მიიღონ კომფორტულ, უსაფრთხო გარემოში და ეს მნიშვნელოვანია ზოგადი განათლების ხარისხის განვითარებისთვის,“- განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდმა განაცხადა: „მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ვეწვიე ზუგდიდის N4 საჯარო სკოლას, რომელიც ახლახანს რეაბილიტირდა იმ 91 სკოლას შორის, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის კორპორაციის კომპაქტის ფარგლებში სრულად აღიჭურვა და რეაბილიტირდა. დაახლოებით 39 000-მდე მოსწავლეს უკვე აქვს თანამედროვე სკოლა, აღჭურვილი თანამედროვე ლაბორატორიებით, სპორტული დარბაზებით და მოსწავლეებს აქვთ საშუალება გახდნენ მომავალი ლიდერები. ამერიკის მთავრობა ამაყია, რომ ახორციელებს ამ ინვესტიციას საქართველოში“.

2019 წელს, ფონდის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 33 საჯარო სკოლას, მათ შორის შვიდ საჯარო სკოლას სამეგრელოს რეგიონში: ზუგდიდის N4 საჯარო სკოლა, ზუგდიდის N8 საჯარო სკოლა, ზუგდიდის N10 საჯარო სკოლა, დარჩელის N1 საჯარო სკოლა, ინგირის N2 საჯარო სკოლა, ინჩხურის საჯარო სკოლა და კირცხის N1 საჯარო სკოლა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, 2014-2019 წლებში, სრული რეაბილიტაცია 91 საჯარო სკოლას ჩაუტარა საქართველოს ყველა რეგიონში, რომლის შედეგადაც სასწავლო გარემო 40,000-მდე მოსწავლისთვის გაუმჯობესდა. თითოეული სკოლა აღჭურვილია საბუნებისმეტყველო საგნების თანამედროვე ლაბორატორიით. საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტი 54 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ახორციელებს პროექტებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით, რაც ემსახურება საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ჯამური ბიუჯეტი 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტია, რომლის განხორციელება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ საქართველოს მთავრობასთან ერთად 2014 წელს დაიწყო.