geo eng
30 მილიონი აშშ დოლარის გრანტი ამერიკული საბაკალავრო პროგრამების განსახორციელებლად საქართველოში

2015-01-06

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) საქართველოს დეკანი კენ უოლში საქართველოს რეგიონებს ეწვევიან და გამართავენ საინფორმაციო შეხვედრებს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაფინანსებული სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ პროექტის შესახებ.  2014 წლის 17 დეკემბერს გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში, ხოლო 12 დეკემბერს ახალციხეში.  2015 წლის იანვარში იგეგმება ვიზიტი აჭარაში და ბათუმში საინფორმაციო შეხვედრის ჩატარება, სადაც მოწვეულნი იქნებიან სტუდენტები, უფროსკლასელები, მოსწავლეები, მასწავლებლები და სხვა დაინტერესებული პირები.   

პროექტის ფარგლებში, 2015-16 სასწავლო წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში განახორციელებს საბაკალავრო პროგრამებს ელექტრული ინჟინერიის, ქიმიის (ბიოქიმიის კონცენტრაცია), კომპიუტერული ინჟინერიის სპეციალობებში.  მოგვიანებით დაემატება საბაკალავრო პროგრამები კომპიუტერულ მეცნიერებაში, სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობაში.  შედეგად, კურსდამთავრებულები საქართველოში მიიღებენ ამერიკულ განათლებას. პროექტის ბიუჯეტია 30 მილიონი აშშ დოლარი.

პროექტი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ დაიწყო 2014 წელს და ხორციელდება საქართველოსა და აშშ-ის შორის 2013 წელს ხელმოწერილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში, რაც ითვალისწინებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში პროექტების განხორციელებას.  კომპაქტის მიზანია საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის გაძლიერება.  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისაგან შემდგარი კონსორციუმი სამეტაპიანი საერთაშორისო ტენდერის შედეგად შეირჩა. 

„სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ლინკზე http://georgia.sdsu.edu/