geo eng
ტრენინგი გენდერული თანასწორობისა და სოციალური ჩართულობის საკითხებზე

2015-04-30

გენდერული თანასწორობისა და სოციალური ჩართულობის საკითხებზე ჩატარებულმა ტრენინგმა ერთად მოუყარა თავი ათსწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა და მისი ძირითადი განმახორციელებელი უწყებების თანამშრომლებს, რათა ემსჯელად ქვეყანაში სოციალური და გენდერული თანასწორობის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და ამ საკითხების ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტებში უკეთ ინტეგრირების გზებზე. 

ტრენინგი გახსნა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ, რომელმაც ისაუბრა სამუშაო ადგილებზე არსებული გენდერული უთანასწორობის პრობლემაზე. მიუხედავად იმისა, რომ ქალებს აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება, გაიზარდა უმაღლესი განათლების მქონე ქალების რიცხვი, სულ უფრო მეტი ქალი არჩენს დღევანდელ დღეს ოჯახს, მათი რიცხვი კვლავ მცირე რჩება მაღალ აღმასრულებელ და არჩევით თანამდებობებზე - აღნიშნა მაგდა მაღრაძემ. მან ხაზი გაუსვა ბიჭებისა და გოგონების აღზრდაში და მათ მიმართ დამოკიდებულებაში სისტემური ცვლილების საჭიროებას, გოგონების წახალისების მნიშვნელობას, რათა მათ განუვითარდეთ მაღალი თვითშეფასება და შეძლონ მიზნების მიღწევა.      

ამ საკითხებზე მსჯელობას მოჰყვა პრაქტიკული სავარჯიშო, სამუშაო ადგილზე არსებული გენდერული სტერეოტიპების შესახებ. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ შემუშავებული გენდერული ინტეგრაციის პოლიტიკის დოკუმენტებს და მეთოდურ მითითებებს, თუ როგორ ჩართონ უკეთ სოციალური და გენდერული ასპექტები ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მეორე კომპაქტის პროექტების განხორციელებაში. 

ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, საინფორმაციო სახის მასალას ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომლის შესრულებისას მონაწილეებს უნდა მოეხდინათ კონკრეტული შემთხვევების ანალიზი. კერძოდ, განეხილათ სკოლის შენობის რეაბილიტაციისა და გზის მშენებლობის შემთხვევები, აღმოეჩინათ  საფრთხეები, რომლებიც ემუქრებოდა ადგილობრივ მოსახლეობას და დაეგეგმათ პრობლემური ვითარებიდან გამოსვლის გზები.

მოწვეული სტუმრის სტატუსით ტრენინგში ჩაერთო ქალბატონი ეკატერინე სხილაძე, რომელიც ხელმძღვანელობს გენდერული თანასწორობის დეპარტამენტს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში. მან ისტორიულ რაკურსში წარმოადგინა საქართველოში გენდერული თანასწორობის მოძრაობა, და მიმოიხილა სახალხო დამცველის აპარატის ახალი პოლიტიკა.  ეს აპარატი წარმოადგენს პირველ ქართულ სამთავრობო სტრუქტურას, რომელმაც მოახდინა გენდერული თანასწორობის  ინსტიტუციონალიზაცია, გამოყო კადრები, რომლებიც აგროვებენ ინფორმაციას გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულისა და ძალადობის ფაქტებზე  და პასუხობენ სხვადასხვა სახის გენდერულ საჭიროებებს.   

გენდერული თანასწორობის საკითხებზე ჩატარებული ტრენინგის მიზანი იყო არა მარტო მონაწილეების ცნობიერების ამაღლება, არამედ მათი მომზადება აღნიშნული სოციალური და გენდერული ასპექტების თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირებისთვის.

ტრენინგის თემები მოამზადა და ჩაატარა ქეთევან მამინაიშვილმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს სოციალური და გენდერული შეფასების დირექტორმა, მშვიდობის კორპუსის მოხალისე, შეინ ლურზთან თანამშრომლობით.

ტრენინგს დაესწრნენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პარტნიორი უწყებების წარმომადგენლები: ირინა აბულაძე, მასწავლებლების პროფესიული გადამზადების ცენტრის დირექტორის მოადგილე და ნინო რევიშვილი, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის პროექტის კოორდინატორი.