geo eng
დილის შეხვედრა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ქალებთან

2015-07-22

„უკვე დროა, დავიწყოთ საუბარი იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომლებიც იშლება ჩვენ წინაშე ტექნიკურ სფეროებში“ - თქვა ქეთევან ქოჩლაძემ, კომპანია „ბორჯომის“ საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტმა, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული ქალებისთვის გამართულ საუზმეზე. ღონისძიებას, რომელსაც უმასპინძლა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს მისიამ,  დაესწრო საქართველოში ვიზიტით მყოფი (21-22 ივლისი, 2015) ფატიმა სუმარი, კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე. შეხვედრა მიზნად ისახავდა მონაწილეების მიერ საკუთარი გამოცდილებისა და სამომავლო ხედვების შესახებ საუბარს. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს იმ დაბრკოლებებსა და შესაძლებლობებზე, რომლებსაც გოგოები და ქალები აწყდებიან მეცნიერებისა და ტექნოლოგიურ სფეროებში. 

„ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ინვესტიციებს საქართველოს განათლების სექტორში კატალიზატორის ეფექტი გააჩნია და გრძელვადიან სარგებელსა და კეთილდღეობას  მოუტანს საქართველოს მოსახლეობას“ - აღნიშნა საუბარში ფატიმა სუმარმა,  რომელიც შეეხო გოგონებისა და ქალების ნაკლებობას ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებში. საინტერესო იყო მსჯელობა აღნიშნული ვითარების შეცვლის გზებზე, თუ როგორ გაუჩნდეთ ქალებს  ეკონომიკური გაძლიერების და მაღალანაზღაურებადი დასაქმების სურვილი და შესაძლებლობები. 

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს პროგრამების პროფესორებმა: მარიამ მურცხვალაძემ, ნინო კოკიაშვილმა და ეკატერინე სანაიამ საუბარში ხაზი გაუსვეს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მიღებული დახმარების უდიდეს მნიშვნელობას, სამეცნიერო კვლევების განხორციელების, ინოვაციური იდეების ხორცშესხმისა და მათი კომერციალიზაციის შესაძლებლობით მიღებულ სარგებელს. 

ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ახალბედა სტუდენტმა, სალომე ჯავაშვილმა ისაუბრა თავის ჯგუფურ პროექტზე, რომელიც თანატოლებთან ერთად შეიმუშავა „ათასწლეულის ინოვაციების კონკურსის“ ფარგლებში. პროექტის იდეა მდგომარეობდა  ბიოდეგრადირებადი პოლიმერებიდან ისეთი ნანონაწილაკების მიღებაში, რომელიც გამოყენებული იქნება სამედიცინო დარგში და ხელს შეუწყობს ორგანიზმის მიერ მედიკამენტების სწრაფ შეწოვას.

შეხვედრას ესწრებოდნენ კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომელთა პროფესიული მოქმედების სფერო დაკავშირებულია ტექნოლოგიებთან - ნინო ნანიტაშვილი, კომპანია გუგლის განვითარების ჯგუფის დამფუძნებელი და მარიამ ხუნჯგურუა, გაერთიანებული ფინანსური კორპორაციის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სპეციალისტი. მათი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ გოგონები და ქალები ნელ-ნელა ახერხებენ დაძლიონ ბარიერები, დაამსხვრიონ არსებული სტერეოტიპები და მიაღწიონ თანაბარ მოპყრობას - მათ ჯერ კიდევ ძალიან სჭირდებათ ოჯახის წევრების დახმარება, რათა მოახერხონ პირადი ცხოვრებისა და სამსახურის დაბალანსება.

მართალია, რომ დღეს სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ქალი ისახავს მიზნად პროფესიულ და კარიერულ განვითარებას. ტექნიკური განათლება ეხმარება ახალგაზრდებს ისეთი ცოდნისა და უნარების მიღებაში, რომელიც დაეხმარება წარმატებით დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად პროფესიებში, რომელშიც ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილები.  თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ გოგონები ხშირად აწყდებიან დაბრკოლებებს, ხვდებიან არათანაბარ პირობებში  და რჩებიან  მიკერძებული შეფასებების ტყვეობაში - როდესაც, ისმენენ, რომ მათი ნიჭისა და ინტერესის მიუხედავად, საინჟინრო პროფესიები „კაცის საქმეა“. 

დილის საუზმეს დაესწრნენ ისინი, ვინც მოახერხა წინააღმდეგობის დაძლევა და მოიპოვა თავისი ადგილი საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ, საინჟინრო და მათემატიკის სფეროებში,  რათა გამოეხატათ თავიანთი მზაობა, შეასრულონ  კეთილი ნების ელჩების როლი და არ დაიშურონ ძალები გოგონების მოსაზიდად ტექნიკურ და საბუნებისმეტყველი სფეროებში.