geo eng
შეხვედრა თემაზე: გენდერული თანასწორობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და წინსვლისთვის

2015-08-07

თანაბარი წვდომა ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო განათლებასა და პროფესიულ პროგრამებზე, ისევე როგორც თანაბარი პირობებით დასაქმება წარმოადგენდა მსჯელობის ძრითად საგანს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ 2015 წლის 5 აგვისტოს ორგანიზებულ შეხვედრაზე.

შეხვედრა გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა. მან ისაუბრა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული თანამშრომლობისა  და გენდერული თანასწორობის, როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედის, მნიშვნელობაზე.

გენდერული ასპექტები წარმოდგენილია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ყველა პროექტში. ქალებს ესაჭიროებათ თანაბარი წვდომა განათლების ყველა საფეხურზე, მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, შეიძინონ თანამედროვე პროფესიული უნარები, რათა ჩაერთონ  სამუშაო ძალის მზარდი მოთხოვნის მქონე ტექნიკურ დარგებში - განაცხადა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, თავის მისასალმებელ სიტყვაში.

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა კატერინა ნტეპი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პროგრამების დირექტორი, რომელმაც დაადასტურა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მზაობა, გაითვალისწინოს გენდერული და სოციალური ასპექტები კომპაქტის განხორციელების ყველა ეტაპზე.   

შეხვედრას უძღვებოდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს გენდერული და სოციალური საკითხების დირექტორი, ქეთევან მამინაიშვილი. მონაწილეებმა იმსჯელეს ქალების განათლებისა და დასაქმების საკითხებზე საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიების, მათემატიკისა და საინჟინრო დარგებში, აგრეთვე, იმ ღონისძიებებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს მეტი გოგონებისა და ქალების ჩართვას აღნიშნულ სფეროებში.

დისკუსიები შეეხო ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსაც. სიღარიბე, გენდერული უთანასწორობა, მასწავლებლებისა და მშობლების მხრიდან მიკერძოებული დამოკიდებულება და სტერეოტიპები კვლავ წარმოადგენს ძირითად დაბრკოლებებს გოგონებისა და ქალებისთვის. აღინიშნა, რომ დღეისთვის უფრო მეტი ქალი, ვიდრე მამაკაცი იღებს უმაღლეს განათლებას ზოგადად, რაც იმით აიხსნება, რომ ქალებს, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის გამო, ზოგჯერ მამაკაცებზე მეტი განათლების მიღება სჭირდებათ იმისთვის, რომ მოიპოვონ იგივე სამუშაო ადგილები.  

გენდერული სტერეოტიპები, კულტურული ბარიერები და განათლების სიმწირე ჯერ კიდევ ზემოქმედებს გოგონების კარიერულ არჩევანზე. ეს ფაქტორები კიდევ უფრო მკაფიოდ იკვეთება საბუნებისმეყტველო, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის დარგებში, რის შედეგად ქალები ნაკლებად მონაწილეობენ ტექნიკურ საგანმანათლებლო პროგრამებსა და დასაქმებაში.

შეხვედრის მონაწილეები, რომლებიც წარმოადგენდნენ სახელმწიფო და საგანმანათლებლო უწყებებს, დამსაქმებლებს, სტუდენტებს, მკვლევარებს, საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორებს, შეთანხმდნენ, რომ ქალების მზარდი მაჩვენებელი განათლების პროგრამებში, ჯერ კიდევ არ არის პირდაპირპროპორციულად ასახული მათ დასაქმებაში სამუშაო ბაზარზე, განსაკუთრებით კი ხელმძღვანელ და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე. მამაკაცებთან შედარებით, ქალები კვლავინდებურად აწყდებიან წინააღმდეგობებს დასაქმებისას და სამწუხაროდ, ხშირად  სამსახურები სრულად ვერ ახდენს მათი პოტენციალისა და უნარ-ჩვევების რეალიზებას.

ქალების დისკრიმინაცია სამუშაო ადგილებზე, განსაკუთრებით იმ სფეროებში, სადაც მამაკაცები ჭარბობენ, გენდერულად მიკერძოებული დამოკიდებულება შრომის შეფასებისას და თანამდებობრივი დაწინაურებისას, შრომის არათანაბარი ანაზღაურება და მოქნილი, საჭიროებებზე მორგებული შრომის პოლიტიკის არარსებობა, რომელიც მისცემდა ქალებს სამსახურისა და პირადი ცხოვრების დაბალანსების შესაძლებლობას, კიდევ უფრო აღრმავებს პრობლემას და ამართლებს ქალების მონაწილეობის ნელ ტემპს. ჩამოთვლილ ფაქტორებს ემატება ქალი - როლური მოდელების ნაკლებობა, გადაწყვეტილების მიმღები ქალების სიმცირე და გენდერული სტერეოტიპების კვლავწარმოება.

შეხვედრის შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები, დაისახა კონკრეტული ქმედებები, რომელთა გათვალისწინებით შესაძლებელი იქნება გოგონებისა და ქალების ინტერესისა და მონაწილობის გაზრდა ტექნიკურ სფეროებში. აგრეთვე, შეხვედრის მონაწილეებისგან ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეგულარულად და კოორდინირებულად იმოქმედებს.