geo eng
პრინსტონის უნივერსიტეტის ლექტორი საუბრობს გენდერული და სოციალური ასპექტების როლზე ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტში

2015-11-20

დოქტორი მარლეინ ლოქიდი, პრინსტონის უნივერსიტეტის საზოგადოებრივ და საერთაშორისო საქმეთა ფაკულტეტის ლექტორი და გლობალური განვითარების ცენტრის მოწვეული მკვლევარი, 2015 წლის 11-20 ნოემბერს თბილისს ეწვია. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა კომპაქტის პროექტებში გენდერული და სოციალური ასპექტების ინტეგრაციის შესაძლებლობების ანალიზი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდისთვის აღნიშნულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა.

დოქტორი ლოქიდი შეხვდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს პირველი ნაკადის სტუდენტებს და ესაუბრა განათლებაში გენდერული და სოციალური ინტეგრაციის, თანასწორობისა და თანაბარი შესაძლებლობების  მნიშვნელობაზე. სტუდენტებმა აღნიშნეს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მაღალი ხარისხი და ხაზი გაუსვეს საქართველოში ამერიკული განათლების მიღების უნიკალურ შესაძლებლობას.  

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი გენდერულ უთანასწორობას ეკონომიკის ზრდის და სიღარიბის აღმოფხვრის ერთ-ერთ დამაბრკოლებელ ფაქტორად მიიჩნევს. სწორედ ამიტომ გენდერული და სოციალური საკითხები შესულია კომპაქტის ფარგლებში დაგეგმილი პროგრამების განხორციელების ყველა ეტაპზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს კომპაქტით გათვალისწინებულ სარგებელზე თანასწორი წვდომა.