geo eng
ელისო აბრამიშვილის წარმატების ისტორია

2018-07-06

ელისო აბრამიშვილი მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს ერთ-ერთი კანდიდატია. ის საჩხერის N2 საჯარო სკოლაში ქიმიის მასწავლებელია.

ქალბატონმა ელისომ მასწავლებლობა სკოლის მოსწავლეობის დროიდან, თავისივე პედაგოგების რჩევით გადაწყვიტა. ის უკვე 12 წელია საჩხერის N2 საჯარო სკოლაში მუშაობს. სასწავლო პროცესში პედაგოგი საინტერესო ექსპერიმენტებს ატარებს და ამბობს, რომ ამით მოსწავლეების საგნისადმი ინტერესს კიდევ უფრო აღვივებს. ელისო აბრამიშვილის ქიმიის გაკვეთილები ყოველთვის ლაბორატორიაში ტარდება.

„არასოდეს უნდა შეწყვიტო სწავლა“- ეს ელისო აბრამიშვილის დევიზია. ის ათასწლეულის გამოწვევის ფონდის „საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორების პროფესიული განვითარების” პროგრამაშია ჩართული, რომელიც მიზნად მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას ისახავს საბუნებისმეტყველო მეცნიერების საგნებში. როგორც ქალბატონი ელისო ამბობს, ამ პროგრამით მიღებული ცოდნა სასწავლო პროცესში ძალიან ადგება. პროგრამით შეძენილი უნარ-ჩვევებით კი სასწავლო პროცესს უფრო ეფექტურს ხდის. ატარებს ექსპერიმენტებს, რომლებშიც მისი მოსწავლეები პირადად არიან ჩართულები და თავადვე, ინტერესების მიხედვით გეგმავენ რა სახის ცდებს ჩაატარებენ.

სუკეთესო მასწავლებლობის პრეტენდენტი აცხადებს, რომ ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოს პროექტის ტრენინგები მას დაეხმარა შეექმნა მოსწავლეებზე კიდევ უფრო ორიენტირებული გარემო. ქიმიის პედაგოგი ამბობს, რომ მოსწავლეების ინტერესს განსაკუთრებით ზრდის ისეთი ტიპის სასწავლო ექსკურსიები, სადაც ბავშვები თეორიულთან ერთად პრაქტიკულ ცოდნასაც იძენენ. თეორიას მისი მოსწავლეები ამ დროს პრაქტიკაში იყენებენ და სასწავლო პროცესი ხდება უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო.

ელისო აბრამიშვილი ასევე საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის წევრია და ის 2015 წელს საჩხერის მუნიციპალიტეტმა “წლის საუკეთესო მასწავლებლად” დაასახელა.

ამბობს, რომ სამომავლო გეგმები ისევ თავის მოსწავლეებს, მათ ინტერესებსა და განვითარებას უკავშირდება. ელისო აბრამიშვილისთვის თავისი მოსწავლეების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად აღზრდა და განათლების სწორი მიმართულების მიცემა პრიორიტეტია. მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ მოსწავლეების მხარდაჭერა, რომლბსაც მისივე თქმით, სურთ ცოდნა მიიღონ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.

ელისო აბრამიშვილი 2018 წლის იმ ათ საუკეთესო მასწავლებელთა შორისაა, რომლებიც მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე არიან წარდგენილი. ის წლის საუკეთესო მასწავლებლის ტიტულისა და ჯილდოს - 10 000 ლარის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

5 ფინალისტი მასწავლებელი, რომლებიც გამარჯვებულები გახდებიან, 5 ოქტომბერს, მასწავლებლების საერთაშორისო დღეს გამოვლინდებიან. მასწავლებლებს 18-წევრიანი ჟიურის შემადგენლობა შეაფასებს.

„საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორების პროფესიის განვითარება“ - ამ სახელწოდების პროექტით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად:

1. ხელს შეუწყობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის შემუშავება-დანერგვას;
2. შეიმუშავებს საჯარო სკოლების 7-12 კლასების საბუნებისმეტყველო (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა), მათემატიკის, გეოგრაფიის, ინგლისურის მასწავლებლებისთვის ინტენსიურ ტრენინგ-მოდულებს;
3. გადაამზადებს საჯარო სკოლების 7-12 კლასების საბუნებისმეტყველო (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა), მათემატიკის, გეოგრაფიის, ინგლისურის მასწავლებლებს;
4. გადაამზადებს საჯარო სკოლების ყველა დირექტორს სკოლის მართვის მნიშნველოვან საკითხებში;
5. ხელს შეუწყობს საჯარო სკოლებში სკოლის ბაზაზე პროფესიულ განვითარებას;
6. შეარჩევს და გადაამზადებს საჯარო სკოლების ფასილიტატორებს, რომლებიც იზრუნებენ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე.

პროექტის ფარგლებში მოხდება 24,000-მდე საჯარო სკოლის პედაგოგის, ყველა საჯარო სკოლის დირექტორისა და პროფესიული განვითარების ფასილიტატორის ინტენსიური გადამზადება. პროექტის ფარგლებში, ასევე, იგეგმება სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა“ და სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ თანამშრომლების პროფესიული განვითარება.