geo eng
მანანა კაპეტივაძის წარმატების ისტორია

2018-07-16

მანანა კაპეტივაძე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ერთ-ერთი კანდიდატია. ის ქალაქ ბაღდათის N2 საჯარო სკოლის უცხო ენების მასწავლებელია. 
მისთვის მასწავლებლობა ყოველდღიურ პროგრესს, განვითარებასა და სიახლეებისთვის მუდმივ მზაობას ნიშნავს. სწორედ ამიტომ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის „საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორების პროფესიული განვითარების“ იმ პროგრამაშია ჩართული, რომელიც მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. 

როგორც თვითონ ამბობს, ეს ტრენინგი პირველ რიგში, დაეხმარა, რომ მეტად დაეხვეწა სწავლების მიდგომები მოსწავლეებთან. შეისწავლა ენის კომუნიკაციური მეთოდით სწავლება, სადაც, უფრო მეტად ხდება ფოკუსირება ინგლისურად საუბარზე, გაგებასა და მოსმენაზე, ვიდრე, გრამატიკაზე. ეს კი მისი თქმით, მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ. სასწავლო პროცესიც ხდება ბევრად უფრო საინტერესო, ინტერაქციული და მრავალფეროვანი. 

როგორც მანანა კაპეტივაძე ამბობს, მუდმივად ცდილობს სწავლების პროცესში სიახლეები დანერგოს. შეფასების ობიექტური სისტემა მისი თქმით, მისი ინოვაციური მიდგომაა, რომლის დანერგვამაც მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

მასწავლებლობის პირველი დღიდან ფიქრობს, რომ მისი ფუნქცია მხოლოდ საგნის სწავლება არაა, არამედ, ზრუნვა მოსწავლეთათვის სწორი ღირებულებების ჩამოსაყალიბებლად. მათთვის თავისუფალი და თანასწორი გარემოს შექმნა, მისი საქმიანობის უმთავრესი ამოცანაა.

მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე ნომინირებული მანანა კაპეტავიძე, აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. გარდა მასწავლებლობისა, ის, ასევე, ხელმძღვანელობს ბაღდათის ინოვაციების ცენტრსაც, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს დასაქმებაში.

ამბობს, რომ მისი სამომავლო გეგმები ისევ პროფესიულ განვითარებას უკავშირდება. ინგლისური ენის პედაგოგის სურვილია აღზარდოს ისეთი თაობა, რომელიც მუდმივად მზად იქნება გაუმკლავდეს ცხოვრებისეულ გამოწვევებს.

მანანა კაპეტივაძე 2018 წლის იმ ათ საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვდა, რომლებიც მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე არიან წარდგენილი. ის წლის საუკეთესო მასწავლებლის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვის.

„საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორების პროფესიის განვითარება“ - ამ სახელწოდების პროექტით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად:

1. ხელს შეუწყობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის შემუშავება-დანერგვას;
2. შეიმუშავებს საჯარო სკოლების 7-12 კლასების საბუნებისმეტყველო (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა), მათემატიკის, გეოგრაფიის, ინგლისურის მასწავლებლებისთვის ინტენსიურ ტრენინგ-მოდულებს;
3. გადაამზადებს საჯარო სკოლების 7-12 კლასების საბუნებისმეტყველო (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა), მათემატიკის, გეოგრაფიის, ინგლისურის მასწავლებლებს;
4. გადაამზადებს საჯარო სკოლების ყველა დირექტორს სკოლის მართვის მნიშნველოვან საკითხებში;
5. ხელს შეუწყობს საჯარო სკოლებში სკოლის ბაზაზე პროფესიულ განვითარებას;
6. შეარჩევს და გადაამზადებს საჯარო სკოლების ფასილიტატორებს, რომლებიც იზრუნებენ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე.

პროექტის ფარგლებში გადამზადდა 17,321 საბუნებისმეტყველო და ინგლისური ენის პედაგოგი, რომლებმაც გაიარეს 76 საათიანი სპეციალური მომზადების კურსი; ამავე პროექტი ფარგლებში 1 873-მა სკოლის დირექტორმა - 120 საათიანი, ხოლო 1890-მა სკოლის ფასილიტატორმა - 80 საათიანი გადამზადების პროგრამა გაიარეს. 

პროექტის ფარგლებში იგეგმება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი-ს და სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ თანამშრომლების პროფესიული განვითარება.