geo eng
დავით სოსელიას წარმატების ისტორია

2018-07-30

დავით სოსელია  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის წარჩინებული სტუდენტია საქართველოში. სწავლის პარალელურად დავითი უკვე დაკავებულია მთელი რიგი საინტერესო საქმიანობით. ნიჭიერმა ახალგაზრდამ სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა ქვეყნის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. წარმატებით სწავლას იგი უნივერსიტეტშიც აგრძელებს.

დავითს კომპიუტერული სისტემების მიმართულებით ღრმა ცოდნა და გამოცდილება აქვს. ამ ეტაპზე იგი მობილური აპლიკაციისა და კომპიუტერული პროგრამების დეველოპერად მუშაობს. სწავლის პარალელურად, გამორჩეული სტუდენტი, თავის ცოდნას თანატოლებსაც უზიარებს. მან სან დიეგოს უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების კლუბი დააფუძნა და ინტელექტუალი სტუდენტები შემოიკრიბა. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა ეს გუნდი, პირველია , რომელიც მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ICLR და NIPS კონფერენციების დოქტორანტთათვის რეპროდუქციის გამოწვევაში მონაწილეობს. კლუბის წევრებმა, როგორც ახალგაზრდა მკვლევარებმა მანქანური სწავლების დარგში, მაღალი შესაძლებლობები გამოავლინეს სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაზე. აღსანიშნავია, რომ კლუბის 3 წევრი კალიფორნიაში, სან დიეგოში გაემგზავრა კვლევის ჩასატარებლად, უნივერსიტეტის საზაფხულო კვლევითი პროგრამის ფარგლებში.

კლუბის წევრები ასევე ხელოვნური ინტელექტის AI-Saturday ოფიციალური ელჩები გახდნენ საქართველოში, რაც მათ წვდომას აძლევს წამყვან ონლაინ კურსებზე მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებიდან და პროგრამის ჩატარების შესაძლებლობას საქართველოში. 

“აღნიშნული გამოწვევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ გვექნება წვდომა ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ, თანამედროვე კვლევაზე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით და თუ ჩვენი მუშაობა იქნება წარმატებული, მაშინ ეს წარმატება ცნობილი გახდება საერთაშორისო დონეზე და მეტ შესაძლებლობებს მისცემს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ საქართველოს სტუდენტებს“, - ამბობს ახალგაზრდა მეცნიერი დავით სოსელია.