geo eng
მაგდა მაღრაძე - „ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება საქართველოს განვითარების აუცილებელი წინაპირობაა”

2018-08-07

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“ უკვე რამდენიმე წელია საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული განათლების სისტემის დანერგვას უწყობს ხელს. აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 140 მილიონი დოლარის გრანტის - ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტის - მეშვეობით, ფონდი ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში წარმატებულ პროექტებს ახორციელებს. ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ დაფინანსებით მთელი საქართველოს მასშტაბით 91 სკოლის სრული რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს. ახალ სასწავლო წელს ამ სკოლებიდან 54 უკვე განახლებული შენობით, სრულად აღჭურვილი თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებითა და უსაფრთხო, გაუმჯობესებული სასწავლო გარემოთი დაიწყებს ფუნქციონირებას. მიღწეულ შედეგებზე „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ ისაუბრა:
 
- განათლების სისტემაში 140 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის და რა არის მისი მიზანი?
აშშ-ის მთავრობამ საქართველოს დაუმტკიცა 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტი ხუთი წლის ვადით, რომლის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი განათლების სისტემის დანერგვა.  ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აშშ-ის მთავრობის დაფინანსებითა და საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, პროექტებს ახორციელებს განათლების ხარისხის განვითარების ხელშესაწყობად.  ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანაში დავნერგოთ ახალი პროგრამები და განვახორციელოთ პროექტები, რაც ხელს შეუწყობს ადამიანური კაპიტალის განვითარებას STEM (საინჟინრო, ტექნიკურ, საბუნებისმეტყველო) დარგებში, უმუშევრობის დაძლევას, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის წახალისებას.  
 
- განათლების სისტემის გაუმჯობესება სიღარიბის დაძლევისთვის - ასეთია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ტაქტიკა. რა ეტაპები უნდა გაიაროს სახელმწიფომ ამისთვის და როგორ მონაწილეობს ამ პროცესში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი?
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია საქართველოში უკვე 15 წელიწადზე მეტია მუშაობს და ჯამში 500 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული. და ეს ყველაფერი გახლავთ გრანტი, პირველი და მეორე კომპაქტით.  პირველი კომპაქტი 2005-2011 წლებში განხორციელდა და მისი მიზანი იყო ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება.  მეორე კომპაქტი 2014-2019 წლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის განვითარების გზით ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას და უმუშევრობის შემცირებას.  
 
- 76 მილიონი დოლარი ზოგადი განათლების მიმართულებით იხარჯება: საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორების კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად, საქართველოს მასშტაბით რეაბილიტაცია უტარდება 91 საჯარო სკოლას და მათი ნაწილი სექტემბრიდან უკვე ექსპლუატაციაში შევა. რა ეტაპზეა სამუშაოები?
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ზოგადი განათლების პროექტის მიზანია ქვეყანაში განათლების დონის გაუმჯობესება. საჯარო სკოლების ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიისა და ინგლისური ენის მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის პროფესიული განვითარების ახალი სისტემის დანერგვით მთავარი აქცენტი კეთდება მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომებსა და  ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სწავლა-სწავლების სისტემაზე. 
91 საჯარო სკოლიდან 54 სკოლის სრული რეაბილიტაცია და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვა უკვე დასრულებულია მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლის, კახეთის რეგიონებში. ამჟამად სრულდება ოთხი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. დაწყებულია 33 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასავლეთ საქართველოში.  მათი რეაბილიტაცია 2019 წლის ზაფხულში დასრულდება.
 
- ზოგადი განათლების მიმართულების გარდა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი  დიდ ფინანსურ რესურსს დებს პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროში. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა მიმართულებებით ხორციელდება ინვესტიცია და როგორია ამ ღონისძიებების შედეგები?  
ფონდმა 2015 წელს დაიწყო პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის.“  პროექტის ბიუჯეტია 16 მილიონი აშშ დოლარი და მიზნად ისახავს ახალი, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვას საქართველოში. პროფესიული განათლება არის მთავარი გასაღები ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის.  კვლევები აჩვენებს, რომ სწორედ პროფესიული უნარების მქონე კადრები ესაჭიროება დღეს ბიზნესს.  შესაბამისად, ეს პროექტი ხელს უწყობს უმუშევრობის დაძლევას ქვეყანაში და ბიზნესის განვითარებას.  
 
- ქალბატონო მაგდა, ფონდმა უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა განათლების სფეროს განვითარებასა და სამომავლო შედეგებში. გვითხარით როგორია თქვენი საქმიანობის ამ დროისთვის მიღწეული შედეგები? 
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ფონდმა შეიმუშავა ზოგად განათლებაში ჩართულ განმანათლებელთა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი პროგრამა, რომლის ფარგლებში ტრენინგები დღეისათვის უკვე გაიარა 15 ათასზე მეტმა მასწავლებელმა და 2,000-ზე მეტმა საჯარო სკოლის დირექტორმა. შეიქმნა საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების სტანდარტი და ყველა ჩვენ მიერ რეაბილიტირებული საჯარო სკოლაში გაიხსნა საერთაშორისო სტანდარტის საბუნებისმეტყველო ლაბორატორია; შეიქმნა და განვითარდა პროფესიული განათლების 41 ახალი პროგრამა, რომელიც პასუხობს შრომის ბაზრის/დამსაქმებლების მოთხოვნებს და შემუშავებულია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად; გაიხსნა სამი ახალი პროფესიული სასწავლებელი, რომელიც აღიჭურვა თანამედროვე მოთხოვნების ლაბორატორიებითა და სიმულატორებით. აღსანიშნავია, რომ  საქართველოში პირველად შემოვიდა აშშ-ის კალიფორნიის შტატის ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო უნივერსიტეტი - სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), რომელმაც 2015 წლიდან დაიწყო აშშ-ში აკრედიტებული ბაკალავრიატის პროგრამების განხორციელება საქართველოში. დღეისათვის, 400 სტუდენტი ეუფლება ამერიკულ განათლებას.  თანამშრომლობა კერძო სექტორთან და საქართველოს მთავრობასთან, რომლის გარეშე ჩვენ მიერ განხორციელებული აქტივობები ვერ იქნებოდა ასეთი წარმატებული.