geo eng
მაია ჩადუნელის წარმატების ისტორია

2018-09-26

ქალაქ გარდაბნის N 4 საჯარო სკოლა სასწავლო წელს სრულიად რეაბილიტირებული და განახლებული შენობით ხვდება. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით სკოლის 850-ზე მეტი მოსწავლე სწავლას ახალ სკოლაში გააგრძელებს, სადაც უკვე მოეწყო თანამედროვე ტიპის კაბინეტები, სასპორტო დარბაზი, სველი წერტილები და სასწავლო ოთახები, აღიჭურვა საბუნებისმეტყველო ლაბორატორია.

ამ ეტაპზე, სკოლაში სწავლება ორ სექტორზე მიმიდინარეობს და ქართველ მოსწავლეებთან ერთად, განათლებას ასირიელი, აზრებაიჯანელი და სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები იღებენ. თუ გასულ წლებში მოსწავლეთა რაოდენობის კლება შეიმჩნეოდა, ამ ეტაპზე, გაზრდილია ბავშვების რაოდენობა როგორც ქართულ, ისე არაქართულენოვან კლასებში.

„მოსწავლეების რაოდენობის ასეთი ზრდა სკოლას არ ახსოვს. სრულად შეივსო ქართულენოვანი კლასი, გაიზარდა მოსწავლეების რაოდენობა არაქრათულენოვან სექტორზეც. ბუნებრივია, ამის მიზეზი ის განახლებული და თანამედროვე სასწავლო გარემოა, რომელსაც წელს მოსწავლეებს ვახვედრებთ. თუ გასულ წლებში სკოლას არ ჰქონდა თანამედროვე ლაბორატორიები, მოწესრიგებული სასპორტო დარბაზი, კაბინეტები, წელს სრულიად ახალ, მსოფლიო სტანდარტების სკოლაში ვაგრძელებთ სწავლას“ - აღნიშნა სკოლის დირექტორმა მაია ჩადუნელმა.

ქალბატონი მაია სკოლას უკვე მეორე წელია ხელმძღვანელობს და ამ ხნის განმავლობაში ბევრი საინტერესო სიახლის და ინოვაციის დანერგა მოასწრო. სკოლის მართვასა და მენეჯმენტში ლიდერობის აკადემიაში მიღებული ცოდნაც ეხმარება, რომელიც დირექტორებს ხელს უწყობს, გააუმჯობესონ საკუთარი ცოდნა და პრაქტიკა, რათა თანამედროვე სკოლის მართვის საუკეთესო მოდელი შექმნან საკუთარ სკოლებში.

„ჩემთვის ლიდერობის აკადემიაში ჩართვა საინტერესო გამოცდილება და შესაძლებლობა იყო. წელს, სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, ბევრი სიახლე ელოდება, როგორც ბავშვებს, ისე პედაგოგებს. რაც მთავარია, აქ მოსწავლეზე ორიენტირებული გარემო დახვდება ყველას. თუ გასულ წლებში სკოლას წყლის სისტემაც კი არ ჰქონდა, დღეს, რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული სკოლა გვაქვს.“ - ამბობს მაია ჩადუნელი.

ახალ სასწავლო წელს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი 28 ახალი, სრულად რეაბილიტირებული სკოლით ხვდება. მიმდინარე სასწავლო წელს, 13 000-მდე მოსწავლე სწავლას განახლებულ სასწავლო გარემოში გააგრძელბს. ქვემო ქართლსა და კახეთში სკოლების რეაბილიტაციის ბიუჯეტი 13 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, ჯამში, საქართველოს რეგიონებში 91 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვას ახორციელებს.