geo eng
ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ - ია მოსაშვილის წარმატების ისტორია და წვლილი პროფესიულ განათლებაში

2018-11-13

კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი,  პროფესიული განათლების პროგრამების ავტორი, ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრის სამრეწველო ავტომატიზაციის პროფესიული პროგრამის ხელმძღვანელი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი და ახლა უკვე „წლის საუკეთესო პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018“-ის მფლობელი - ეს ია მოსაშვილია. მან ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დაწესებული „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო” ნომინაციაში - „წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი“ მიიღო. ამბობს, რომ მისთვის ეს ჯილდო დიდი პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში საკუთარი სტუდენტების წინაშე.

„ნამდვილად ამაღლევებელი მომენტია. ძალიან გახარებული ვარ. რასაც ვგრძნობ, ეს არის პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობას ვგრძნობ, პირველ რიგში, ჩემი სტუდენტების წინაშე, ასევე ყველა იმ ორგანიზაციის წინაშე, ვინც საქართველოში პროფესიულ განათლებას უდგას გვერდში,“- აღნიშნავს ია მოსაშვილი.

თავად პროფესიული განათლების რეფორმაში 2013 წლიდან ჩაერთო, მაშინ როცა მასზე მუშაობა საქართველოს ხარისხის განვითარების ცენტრმა დაიწყო. მას შემდეგ უამრავი პროგრამის თუ სტანდარტის შედგენაში მიიღო მონაწილეობა, წელიწადნახევრის წინ კი უშუალოდ საკუთარი დარგისთვის შექმნა სამრეწველო ავტომატიზაციის პროგრამა.

„ 2013 წლიდან სულ ვფიქრობდი, რომ ყველაფერს ვაკეთებდი პროფესიული განვითარებისთვის, მაგრამ არა ჩემი მიმართულებით. ეს მართლაც დიდი პატივი იყო ჩემთვის, რომ მე გამეკეთებინა ეს პროგრამა.

უფრო ადრე ამის განხორციელება ვერ მოვახერხეთ, რადგან ამას დიდი რესურსი სჭირდებოდა. ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა მოგვცა იმის საშუალება, რომ მის შექმნასა და განხორციელებაზე ფიქრი დავიწყეთ. დღეს ამ პროგრამის ხელმძღვანელი ვარ. გვყავს 2 მიღების სტუდენტები, დატრენინგებული მასწავლებლები, გვაქვს არაჩვეულებრივი აღჭურვილობა და პროცესი ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს,“- ამბობს ია მოსაშვილი.

პედაგოგს ამ პროგრამაში თავის მოდულები აქვს და ერთ-ერთი მათ შორის ციფრული ელექტრონიკაა. ამბობს, რომ ამ დარგში, საქართველოში, სტუდენტები იმ დონის ცოდნას იღებენ, რომელიც აშშ-სა და ევროპის ქვეყნებშია ხელმისაწვდომი.

„თანამედროვე ტექნიკა და ტექნოლოგიები წარმოუდგენელია ციფრული ელექტრონიკის გარეშე. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ამას პირდად ვახორციელებ და ამ საგანს ვუძღვები,“- აღნიშნავს ია მოსაშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს, რომ პროფესიულ განათლებაში მსგავსი დატვირთვა თავად მასაც მატებს პროფესიულ განვითარებას.

„პროფესიული განათლება ძალიან მნიშნელოვანია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. დღეს წარმოუდგენელია პროფესიონალი ტექნოკოსების გარეშე არსებობდეს წარმოება.

მთელი ევროპული განათლება მიმართულია საინჟინრო მიმართულებებისკენ და დავინახე ის, რომ საქართველოს ძალიან სჭირდება ამ პროფესიის ადამიანები, ამიტომ ნელ-ნელა გადავერთე ამ სფეროში და  უკვე აღარც შემიძლია სხვანაირად ცხოვრება,“- აღნიშნავს ია მოსაშვილი და დასძენს, რომ დღეს, ამ პროფესიის ადამიანების რესურსი საქართველოში საკმარისი არ არის.

„ყოველდღიურად გვიკავშირდებიან ადამიანები სხვადასხვა წარმოებიდან და გვთხოვენ ზუსტად იმ დარგის ადამიანებს, რომელზეც უკვე დავიწყეთ სტუდენტების მომზადება. ყველა საწარმო უცხოეთიდან ჩამოყვანილ სპეციალისტებზეა მიბმული, რადგან ამ მიმართულებით, საქართველოში კადრების ნაკლებობაა. თუმცა, დაინტერესება უკვე დიდია, ჯგუფები შევსებულია. გვყავს სტუდენტები როგორც საშუალო, ასევე უმაღლესი განათლებით. 65 წლის სტუდენტი გვყავს. ვხუმრობ ხოლმე, პირველად ჩემს ცხოვრებაში სტუდენტს ასე მივმართავ- „ბატონო“.  ჩემზე დიდია და ეს არ უშლის ხელს, რომ ახალი ცოდნა მიიღოს,“- აღნიშნავს ია მოსაშვილი.