geo eng
პროფესიული კადრების მომზადება ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია - „საქართველოს რკინიგზის“ წარმატების ისტორია

2018-11-22

„ისეთი პარტნიორის გვერდზე, როგორიცაა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“, კარგი საქმეები იოლად და მონდომებით კეთდება,“- ეს სიტყვები საქართველოს რკინიგზის კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსს, ნინო ჯორბენაძეს ეკუთვნის.

„საქართველოს რკინიგზა“ პროფესიული განათლების ეროვნულ კონკურსში „საუკეთესო ბიზნესპარტნიორის“ ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა. სწორედ საქართველოს რკინიგზა არის სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის შექმნის ინიციატორი. კოლეჯი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა“ და საქართველოს განათლების სამინისტროს ხელშეწყობით დაფუძნდა.

 კომპანიაში პროფესიული კოლეჯის დაარსების საჭიროება დღის წესრიგში სარკინიგზო მიმართულებით მზა კადრების არსებობის დეფიციტმა დააყენა.

„რკინიგზა არის ერთ-ერთი უნიკალური კომპანია, სადაც ყველა პროფესია მეტ-ნაკლებად უნიკალურია. რეალურად, ძალიან მოხუცდა ის პროფესიები, რომელიც რკინიგზას სჭირდება და გაახალგაზრდავება აღარც ხდებოდა. შესაბამისად, პროფესიული განათლება და ჩვენი კოლეჯი მოგვცემს შესაძლებლობას, ახალგაზრდა, ენთუზიაზმით, ცოდნით აღჭურვილი ადამიანები მოემსახურონ სახელმწიფო სტრატეგიული მნიშვნელობის ბიზნესს, როგორიც არის საქართველოს რკინიგზა,“- აღნიშნავს ნინო ჯორბენაძე.

“საქართველოს რკინიგზაში” მიესალმებიან, რომ პროფესიული განათლება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული გახდა და მიიჩნევენ, რომ პროფესიული კადრების მომზადების და შესაბამისად, პროფესიული განათლების მხარდაჭერის ინტერესი კერძო სექტორსაც უნდა ჰქონდეს.

„არსებობს ძალიან სპეციფიკური ტექნიკური მიმართულებები, ბიზნესები, რომელსაც აუცილებლად სჭირდება პერსონალი, რომელიც ნაკლებობის პრობლემა დღეს საქართველოში დგას. შესაბამისად, პირდაპირი ინტერესი და საჭიროება არის მსგავსი პერსონალი მომზადდეს. ბიზნესის თანადგომა სახელმწიფოსთან ამ მიმართულებით, რომ საბოლოო ჯამში მივიღოთ კვალიფიციური პერსონალი, თეორიული და პრაქტიკული ცოდნით, არის მნიშვნელოვანი ნებისმიერი ბიზნესსექტორისთვის,“- აღნიშნავს ნინო ჯორბენაძე.

საქართველოს რკინიგზაში მიიჩნევენ, რომ პროფესიული კადრების მომზადება პირდაპირ კავშირშია დასაქმების ხელშეწყობასთან და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან.

„ პროფესიული განათლების ხელშეწყობით პირველ რიგში, ქვეყნის ეკონომიკისთვის შეიქმნება დოვლათი, რომელსაც ეს პროფესიული კადრები შექმნიან და საქართველოს მოქალაქეების შემოსავალი გახდება ამ დოვლათიდან მიღებული სარგებელი,“- აღნიშნავს ნინო ჯორბენაძე.